2021-2022 სასწავლო წელს სოციალური პროგრამით დაფინანსებისთვის მაგისტრანტთა განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყება

2021-2022 სასწავლო წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსებისთვის მაგისტრანტთა განაცხადების  მიღება 11 ოქტომბრიდან დაიწყება და 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, ვებგვერდზე socreg.mes.gov.ge. აღნიშნული ვადები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით განისაზღვრა, რომელიც დღეს, 31 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, სოციალური პროგრამის ფარგლებში 205 000 ლარი გამოიყო და რამდენიმე კატეგორიაზე განაწილდება:

ყველაზე მეტი, 137 500 ლარია განსაზღვრული, წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

22 500 ლარი გამოიყო 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები.

ხოლო ამავე კატეგორიის 2020 წელს ჩარიცხულ მაგსტრანტებზე 11 250 ლარი გადანაწილდება.

22 500 ლარია გათალისწინებული 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ხოლო 2020 წლის ჩარიცხულებს სახელწმიფო 11 250 ლარით დააფინანსებს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე. ხოლო დაფინანსება არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტებმა, საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების შესაბამისად, თანაბარი ქულები მოიპოვეს და გამოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ არის საკმარისი.

დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.