2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდება – როდის გამოქვეყნდება შედეგები?

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის მსურველ პირებს რეგისტრაცია დღეს, 30 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ. აღნიშნული ვადა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ განსაზღვრა.

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგების ნახვა 2 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. ამისთვის სტუდენტი უნდა შევიდეს საიტზე –  students.emis.ge.

რაც შეეხება მობილობის შედეგად სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვას, სტუდენტი ჩარიცხულად ითვლება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან. ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობის უფლების მოპოვების (დადებითი პასუხის) შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის მიერ დადგენილ ვადებში და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.