„4 ოქტომბერს დასწრებითი სწავლა მაღალმთიან და სოფლის დაახლოებით 330-332 სკოლაში აღდგება“

დღეს, 7 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სკოლებში ეპიდვითარებას სწავლობენ და დაასახელა სკოლების რაოდენობა, სადაც დასწრებითი სწავლების აღდგენა განიხილება.

„ოქტომბერის დასაწყისიდან აღდგება დასწრებითი სწავლა დაახლოებით 330-332 სკოლაში, ასე არის დათვლილი, მაღალმთიან და სოფლის სკოლებში. ამ სკოლებში ჩვენ ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას, წინასწარ მონაცემებს გეტყვით, რომ შევისწავლეთ ამ სკოლების, რამდენ მოსწავლეს და რამდენ მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ სკოლებში სწავლა აუცილებლად აღდგეს. იმიტომ, რომ იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ასევე ჩამოაყალიბა უსაფრთხო სკოლების და უსაფრთხო უნივერსიტეტების კონცეფცია, ეს განხილული იქნება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, თუ სხვა სკოლებში, დიდ ქალაქებში ან მუნიციპალიტეტებში, რა მიმდევრობით უნდა აღდგეს სწავლა. ვჯერდებით განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ამას დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო“, – აცხადებს გამყრელიძე.