პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხვის პირობები შეიცვალა, გაუქმებულია აქამდე არსებული ტესტირების წესი – ვის მოუწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება

საქართველოში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესი შეიცვალა, მსურველები ამიერიდან რეგისტრაციას ცენტრალიზებულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაივლიან და ტესტირების პროცესსაც ეს უწყება გაუწევს ორგანიზებას. შეცვლილია სასწავლებლებში აპლიკანტების ჩარიცხვის წესიც, შესაბამის ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ხელი უკვე მოაწერა და ის ძალაში 2 ივლისიდან შევიდა.

ახალი წესის თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

ა) დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება;

ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია;

გ) შერჩევა;

დ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა, რომლის ფორმა მტკიცდება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე) შედეგების გამოცხადება და პროგრამაზე ჩარიცხვა, რის საფუძველზეც აპლიკანტს ენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი;

ვ) დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში).

აპლიკანტთა რეგისტრაცია

  1. პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი გადის ავტორიზაციას სარეგისტრაციო სისტემაში და რეგისტრირდება აპლიკანტად.
  2. სარეგისტრაციო სისტემა წარმოადგენს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელ ელექტრონულ მოდულს. სარეგისტრაციო სისტემაში აპლიკანტის პერსონალური მონაცემები გროვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის N11/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“ მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და ასევე, მასზე ვრცელდება XIV თავით განსაზღვრული წესები – სისტემის უსაფრთხოებასა და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.
  3. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.

განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი წესის თანახმად, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველი პირების ჩარიცხვა საბაზისო და საშუალო პროგრამებზე განხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მისაღები ტესტირების ორგანიზებას კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო გაუწევენ.

რაც შეეხება უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას, აპლიკანტთა შეფასება  სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე განხორციელდება, რომლის ჩატარების თარიღი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლება შესაძლოა მიენიჭოთ:

ა) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

ბ) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან ჩარიცხვის წინა წელს და რომელთა განათლება აღიარებულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს მოქალაქეებს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​​​13 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაასრულეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ან ჩარიცხვის წინა წელს და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

დ) თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

მინისტრის ბრძანებაში გარდამავალ დებულებებში აღნიშნულია, რომ 2021 წელს, კოვიდ პანდემიის პირობებში, უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო ტესტირებისგან გარკვეული პირები გათავისუფლებულები იქნებიან.

2021 წლის ტესტირებიდან გათავისუფლდეს ის პირი, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ ახერხებს ტესტირებაზე გამოცხადებას შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

გ) საკარანტინო ზონაში;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ 2021 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, შემდეგი ტესტის ტიპები განისაზღვრება:

ა) ზოგადი უნარები;

ბ) ბიოლოგია;

გ) ქიმია.

პროფესიული განათლების ამბები

 

წყარო: edu.aris.ge