ისტორიის მასწავლებლების, რჩევები და შეხედულებები გამოცდების წინ

 

2021 წლის ერთიანი გამოცდები ხვალ ისტორიის გამოცდით გრძელდება, ამ დროს აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისტორიის მასწავლებლების რჩევები გაითვალისწინონ, რამდენიმე მასწავლებელს ჩვენც დავუკავშირდით და ვკითხეთ თუ როგორ დაახასეათებდნენ, წლევანდელ ნაკადს, ყველაზე მეტად გამოცდის, რომელ ნაწილზე ნერვიულობდნენ ბავშვები, რა არის ხოლმე ყველაზე გავრცელებული შეცდომა დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი თუ რას ურჩევენ ისინი აბიტურიენტებს, იხილეთ საკმაოდ საინტერესო სტატია.

ქეთინო ქვლივიძე

წლევანდელი აბიტურიენტების უმეტესობა შრომისმოყვარე, მოტივირებული ახალგაზრდები არიან,  გააზრებული აქვთ რა უნდათ და რისთვის, დროის ფასი იციან,  თუმცა, მაშინ როცა საბაზისო ცოდნა და უნარები ისტორიის სწავლა-სწავლებაში ზოგადად, დაბალია, ყველაფრის სულ, სულ თავიდან, ელემენტარულით დაწყებაა საჭირო, და დეტალურად და მარტივიდან რთულისაკენ გადიხარ, ამას კი დრო სჭირდება. უკვე მეორე წელია დროის დიდ ნაწილს დისტანციური სწავლება იკავებს, რაც არც ისე მოსახერხებელს ხდის  აბიტურიენტებთან მუშაობას სწავლების საწყის ეტაპზე.

ტესტის რომელიმე ნაწილზე გამორჩეულად რომ ნერვიულობდნენ, ასე არაა. მაგრამ ზოგადად, მაინც ვიზუალურ მასალას ეკიდებიან ფრთხილად. სახელმძღვანელოები არც ისე უხვადაა ილუსტრირებული რუკებით, სქემებით, კარიკატურებითა და სხვა ტიპის ვიზუალური რესურსებით, არც საკმარისი დრო აქვს ისტორიას დათმობილი სასკოლო ბადეში, რომ ეს ყველაფერი მოესწროს საგაკვეთილო სივრცეში.

ყველაზე მეტად უჭირთ აზრის მოკლედ, მარტივად და კონკრეტულად გადმოცემა.  ხშირად ისე გაერთობიან წერით, საგამოცდო ფურცელზე აღარ ჰყოფნით ადგილი, და შესაბამისად ქულას კარგავენ.

აბიტურიენტებს ისტორიის გამოცდაზე და ყველა სხვა გამოცდაზეც წარმატებებს და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ!  ცოდნა, გარჯა დაფასებოდეთ და მასწავლებლების შრომაც დაეფასებინოთ, გაემართლებინოთ!

ბავშვებო, გამოცდა არაა სანერვიულო, იყავით მშვიდად, რომ რაც ისწავლეთ, შეძლოთ მისი გამოყენება, დაუფიქრდით დავალების პირობას, მუშაობა დაიწყეთ იმ დავალებით, რაც მეტი ყურადღების კონცენტრირებას  მოითხოვს ( მაგ. წყაროს ანალიზი, რუკაზე მუშაობა…) და ქულასაც მაღალს  გაძლევთ. დაუკვირდით რუკაზე მუშაობის დროს კითხვა რამდენ ქულიანია, პასუხის ჩამონათვალიც  შესაბამისი უნდა იყოს, როგორაა დავალება ფორმულირებული, შეიძლება ერთ ქულას გაძლევდეს და პირობაში ეწეროს ჩამოთვალეთო, გამოიყენეთ რუკის ლეგენდა, ყურადღებით ამოიწერეთ რუკიდან დასახელებები, დაფიქრდით და  11-დან 11 ქულა უნდა აუცილებლად აიღოთ!

დაიმახსოვრეთ,  არგუმენტი უნდა იყოს მარტივი, კონკრეტული და დასრულებული აზრის მქონე, არანაირი რთული ქვეწყობილი წინადადებები, რამდენიმე მაგალითის მოყვანა, შენგან ერთ არგუმენტს ითხოვენ, ერთ ქულას გაძლევენ და არაა საჭირო მთელი ცოდნის დემონსტრირება.

წყაროს ანალიზის დროს დაეყრდენით ტექსტს, კითხვის პირობას პასუხში ნუ გაიმეორებთ, ადგილი არ გექნებათ პასუხის ჩასაწერად საკმარისი.

ვიზუალურ მასალაზე დაუკვირდით ყველაფერს: რა ან ვინაა წინა პლანზე გამოსახული, ყურადღება მიაქციეთ წარწერებს,  თარიღს, რისი თქმა უნდა ავტორს…… გისურვებთ წარმატებებს!

 

 ირმა ტალახაძე

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად განსხვავებული ვითარებაა წინა წლებთან შედარებით.  ეპიდვითარებამ, მართალია, შეცვალა ადამიანების ცხოვრება, მაგრამ მას დიდად არ უმოქმედია აბიტურიენტთა მომზადების ხარისხზე. ამგვარად, წლევანდელი ნაკადიც ზოგადად ისევე შეიძლება დახასიათდეს, როგორც გასული წლებისა. მოსწავლეები უფრო მეტად არგუმენტების ნაწილს უფრთხიან.  აბიტურიენტებში ძირითადად არასაკმარისი და არასათანადო ფაქტობრივი ცოდნის დეფიციტი შეინიშნება, რაც განაპირობებს უკვე საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ნაწილში დაშვებულ შეცდომებს.  აბიტურიენტებს და ზოგადად, ახალგაზრდებს შევახსენებ განმანათლებლობის ცნობილ დევიზს – ცოდნა ძალაა. ცოდნა პროგრესის, განვითარების, შემოქმედების, ბოლოსდაბოლოს, თავისუფლების ქმედითი ძალაა. მცოდნე, ილიას სიტყვებით, „გულგანათლებული“ ადამიანი არის თავისუფალი და წარმატებული, რასაც ვურჩევ და ვუსურვებ კიდეც ჩვენს ახალგაზრდებს.

 

 

თორნიკე დიასამიძე

პირველ რიგში, ვიტყოდი რომ წელს, ონლაინ კონტაქტის გამო ვერ მოხერხდა სრულად მიმდინარე წლის გააზრება, ამიტომ ვფიქრობ, ცოტათი ნაკლებად მობილიზებულები იყვნენ, მაგრამ მომზადების თვალსაზრისით კარგად მოინდომეს

როგორც წესი ქრონოლოგიური თანმიმდევრობა უჭირთ და შედარებით ნაკლებად ილუსტრაციები

რაც შეეხება შეცდომებს, ყველაზე ხშირად არგუმენტირებული მსჯელობისას ზოგადად წერენ და კონკრეტულ საკითხზე არ კონცენტრირდებიან

რჩევით კი ვურჩევდი რომ პირველ რიგში  არ ინერვიულონ, საკითხზე რომელზეც ზუსტი პასუხი არ აქვთ დიდხანს არ დაყოვნდენ გააგრძელონ და შემდეგ დაუბრუნდნენ და საერთოდ ტესტის წერა დაიწყონ იმ საკითხით რაც ყველაზე მეტად ეადვილება.

 

ლია ალადაშვილი

წელს უფრო მეტად შრომისმოყვარე და მოტივირებული მოსწავლეები მყავს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ნაკლებად აინტერესებთ და დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ საგანი სრულყოფილად შეისწავლონ, რათა შეძლონ ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

მოსწავლემ, რომელმაც კარგად იცის ფაქტობრივი მასალა, შეუძლია კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, ნერვიულობის საფუძველი არ აქვს, თუმცა ეშინიათ იმის, რომ შესაძლებელია რაღაც ვერ გაიხსენონ, ან ვერ გაანალიზონ ილუსტრაციაზე მოცემული ინფორმაცია. მოსწავლე, რომელიც არ არის კარგად მომზადებული, ის უფრო ნაკლებად ნერვიულობს და იმედი აქვს, რომ ჩააბარებს.

აბიტურიენტები ხშირად უშვებენ შეცდომებს, როდესაც ყურადღებით არ კითხულობენ დავალების ინსტრუქციას. პასუხობენ იმას, რასაც არ ეკითხებიან. ასევე, ხშირად სცემენ არა კონკრეტულ, არამედ ზოგად პასუხებს.

აბიტურიენტებს ურჩევდი, პირველ რიგში, არ ინერვიულონ, იყვნენ მშვიდად და მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი ცოდნის და შესაძლებლობების წარმოჩენა. ყურადღებით გაეცნონ დავალების ინსტრუქციას, არ იჩქარონ, რადგან საკმარისი დრო აქვთ , მშვიდად იაზროვნონ. რამდენიმე პასუხის ნაცვლად, გასცენ ერთი კონკრეტული პასუხი.

 

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ