მასწავლებლის გამოცდები იწყება – ბოლო შანსი პრაქტიკოსებისთვის და პირველი გამოცდა სპეციალური მასწავლებელებისთვის

14 ივლისიდან 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები და სპეციალური მასწავლებლები ჩაერთვებიან. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტ აპლიკანტს აქვს გავლილი. მათ შორის არიან ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც წინა წელს (2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით) გაიარეს რეგისტრაცია, თუმცა გამოცდაზე გასვლის თარიღი პანდემიის მიზეზით ერთი წლით გაუხანგრძლივდათ. გასული წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 4000-მდე პრაქტიკოსი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, სისტემაში მყოფი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ეს გამოცდა კომპეტენციის დადასტურების ბოლო შანსია.

მასწავლებლის გამოცდაზე სიახლეა იმ კუთხითაც, რომ წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.

საჯარო ინფორმაციის თანხმად, საქართველოს საჯარო სკოლებში 1908 სპეციალური მასწავლებელია.

ცნობისთვის, ის სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც სტატუსს გამოცდის საფუძველზე აიმაღლებენ, უკვე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. ამ ეტაპზე კი მაგისტრის სტატუსის მქონე მხოლოდ 12 უფროსი სპეციალური მასწავლებელი გვყავს.

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური );
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
პროფესიული უნარები;
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

მასწავლებლებისთვის გამოცდები 27 ივლისს დასრულდება

 

 

წყარო: edu.aris.ge