ქართველი ბიჭი , რომელმაც Microsoft-ის პრაღის ოფისში დაიწყო მუშაობა

გაიცანით, 25 წლის ლევან გოდერძიშვილი, გორიდან, რომელმაც Microsoft-ის პრაღის ოფისში დაიწყო მუშაობა, სტატიაში ის გვიყვება თუ რა შესძინა იმ უნივერისტეტმა, რომელიც დაამთავრა, ასევე გაიგებთ უფრო დაწვრილებით, მის წარმატებებზე თუ ინტერესის სფეროებზე, ასევე სტატიაში იხილავთ მის რჩევებს ადამიანებისთვის, რომლებიც სწორედ ახლა ირჩევენ მომავალ პროფესიას.

1.მოგვიყევით, თქვენი ბოლო დროინდელი წარმატების შესახებ, და რა ნაბიჯები გადაგიდგამთ ,რომ მისთვის მიგეღწიათ?

კომპიუტერულ მეცნიერებებს ძალიან ბევრი განსხვავებული და საინტერესო მიმართულება აქვს. თავისუფალი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ზუსტად არ ვიცოდი, პროფესიული განვითარება რომელი მიმართულებით გამეგრძელებინა, ამიტომ ჩემი მიზანი იყო თავი სხვადასხვა ზომის, დონისა და ორგანიზაციული კულტურის მქონე კომპანიებში მომესინჯა. ამ მხრივ, საქართველოში საკმაოდ საინტერესო და ღირებული გამოცდილებები მივიღე, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ძიება მანდ არ უნდა დამესრულებინა და თავი გამომეცადა ისეთ გიგანტურ კომპანიაშიც, როგორიც Microsoft-ია. პანდემიის პირობებში ცხოვრება იმდენად მოსაწყენი გახდა, რომ გადავწყვიტე ეს პერიოდი ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა და დავიწყე მზადება ამ კომპანიებში გასაუბრებების გასავლელად. დღეს ინტერნეტის საშუალებით საკმაოდ მარტივია მოიძიო ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საჭირო შენი მიზნის მისაღწევად. ეს გზა ალბათ ყველასთვის ინდივიდუალურია, თუმცა საკმარისია თავი სათანადოდ შეაფასო და არ დაგეზაროს საკუთარ სისუსტეებზე მუშაობა.

2.რატომ კონკრეტულად Microsoft და რამდენად რთული იყო იქ მოხვედრა?

კონკრეტულად Microsoft სხვა მსგავსი კომპანიებისგან არაფრით გამომირჩევია გარდა იმისა რომ საჭირო დროს ჩემთვის მისაღები ვაკანსია აღმოაჩნდათ. შესარჩევ ეტაპს რაც შეეხება, მას შემდეგ რაც ჩემი რეზიუმე დადებითად შეაფასეს, მქონდა ოთხი 1 საათიანი გასაუბრება გუნდის სხვადასხვა წევრთან – ტექნიკურ და არა ტექნიკურ საკითხებზე. მიუხედავად გასაუბრებების სირთულისა, იყო საკმაოდ არა სტრესული და კოლეგიალური კომუნიკაცია, რამაც ხელი შემიწყო საკუთარი თავის წარმოჩენაში და ასევე გამიმძაფრა სურვილი, ამ გუნდის წევრი გავმხდარიყავი.

3.ლევან, შეგიძლიათ, გვესაუბროთ თქვენს ინტერესების სფეროზე?

თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშობიდან მიზიდავდა და სულ მინდოდა რომ ამ ტექნოლოგიების კვალდაკვალ მევლო და არ „ჩამოვრჩენილიყავი“. ამის მიხედვით ავირჩიე საკუთარი პროფესიაც. თუმცა, ტექნოლოგიები ჩემი ცხოვრების ერთადერთი და მთავარი ინტერესი არ არის. ცხოვრების დიდ დროს და ენერგიას ვუთმობ სპორტს, მუსიკასა და გართობას.

4.შეგიძლიათ, მოგვიყვეთ რატომ აირჩიეთ თავისუფალი უნივერისტეტი? და რა შეგძინათ ამ უნივერსიტეტმა?

თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემთვის უფრო მეტად სპონტანური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე ღრმად გააზრებული. გადამწყვეტი როლი უნივერსიტეტის გაცნობით პროგრამებზე დასწრებამ ითამაშა, როდესაც პირველად გავიგე იმ პროფესიის შესახებ, რომელზეც მანამდე წარმოდგენა არ მქონდა და მივხვდი რომ მსგავსი საქმის კეთება მომავალში ყოველთვის საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. გარდა ამისა, ცხადია იმოქმედა უნივერსიტეტის იმიჯმაც და ისტორიებმა წარმატებულ ახალგაზრდებზე.

ყველაზე ძვირფასი რაც ამ უნივერსიტეტმა შემძინა პროფესიული ცოდნის გარდა, არის საკუთარ თავზე მუშაობის უნარი და ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ, დღეს კი ბევრი საერთო მიზანი და მისწრაფება გვაქვს ცხოვრებაში.

5.დაბოლოს, რა რჩევა გექნებოდათ ახალგაზრდებისთვის რომელებიც ახლა ირჩევენ  მომავალ პროფესიას?

ეს ადამიანის ცხოვრების ის ეტაპია, როცა იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას და მნიშვენლოვანია, ამ ეტაპზევე აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე. ვურჩევდი,  დაუთმონ გარკვეული დრო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოკვლევასა და შეფასებას, საკუთარი დასკვნების გამოტანას. სამწუხაროდ, საქართველოში რთულია ყველა მიმართულებით სასურველი ცოდნისა და განათლების მიღება, ამიტომ კარგი იქნება თუ მიეჩვევიან საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის თავად მოძიებას, სტანდარტებისა და ხარისხის გარჩევას.

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ