ინტერვიუ კოლეჯ „აისის“ დირექტორთან მალხაზ ასლამაზაშვილთან

პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კახეთის რეგიონში კოლეჯი „აისი“ წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. იგი მოიცავს კახეთის მთელ რეგიონს და აქვს სამი ფილიალი დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

კოლეჯი „აისი“ წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ადაპტირებულია ნებისმიერი საჭიროების მქონე პირისთვის.  კოლეჯი განსაკუთრებულია თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საწარმოებით, ლაბორატორიებით და სხვადასხვა ტიპის მეურნეობებით. პროგრამებს, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს, აქვს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი  თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის ბაზები. ასე, რომ სტუდენტებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი ხარისხიანი პროფესიული განათლების მისაღებად.

კოლეჯი „აისი“ უნიკალურია იმითაც, რომ კაჭრეთში აქვს 300 სტუდენტზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სტუდენტთა პანსიონი. აღსანიშნავია, რომ სწავლა და პანსიონში ცხოვრება ხორციელდება სახელმწიფოს დაფინანსებით.

იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას პროფესიული განათლება და რა სიახლეებს სთავაზობს კოლეჯი „აისი“ პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს,  გთავაზობთ  ინტერვიუს კოლეჯი „აისის“ დირექტორთან ბატონ მალხაზ ასლამაზაშვილთან.

_ ბატონო მალხაზ, როგორ შეაფასებთ პროფესიული განათლების როლს ქვეყნის განვითარებაში.  რა გამოწვევები იყო და რა მნიშვნელოვანი მიღწევები განხორციელდა  2020-2021 წლებში ამ მიმართულებით?

პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისაკენ. მიმაჩნია, რომ პროფესიული განათლება უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი ხერხემალი. პროფესიულმა განათლებამ სწავლების მაღალი სტანდარტებით, პროფესიონალიზმით, მაღალი ხარისხითა და სანდოობით უნდა შეძლოს ქართული ეკონომიკის გადარჩენა და ფეხზე დაყენება. 2020-2021 წლების მთავარი გამოწვევა იყო კორონავირუსის პანდემია. თუმცა, ამ სირთულის მიუხედავად ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიჩერებია მუშაობა. ვისწავლეთ ციფრული ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება და სწავლებაში დანერგვა, ჩავატარეთ სერიოზული კვლევები, შევიმუშავეთ კოლეჯის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტები, დავიმატეთ ახალი პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამები, შევძელით ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. პანდემიის მიუხედავად, კოლეჯის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სამი სტუდენტი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავაგზავნეთ გერმანიაში.

_ რა სიახლეებს სთავაზობს კოლეჯი „აისი“ საზოგადოებას?

მთავარი სიახლე, რომელსაც კოლეჯი ,,აისი“ საზოგადოებას სთავაზობს, ეს არის ე.წ. ინტეგრირებული პროგრამები, რომელთა დანერგვითაც აღარ იარსებებს ე. წ. საგანმანათლებლო ჩიხი, რაც ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება იყო პროფესიული განათლებით დაინტერესებული მხარეებისათვის. შევიმუშავეთ ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამები და მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების ფართო სპექტრი,  გავაუმჯობესეთ ინფრასტრუქტურა და განვაახლეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კოლეჯ „აისში“ ყველა პირობაა შექმნილი ხარისხიანი განათლების მისაღებად.

_ რომელ პროგრამებზე განხორციელდება ინტეგრირებული მოდულების სწავლება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს 9 კლასის ატესტატის მქონე პირებს, დიპლომთან ერთად მიიღონ 12 კლასის დამადასტურებელი დოკუმენტიც?

_ ინტეგრირებული მოდულების დანერგვის პილოტერება დაწყებულია და ყოველ წელს ახალ პროგრამებს ვიმატებთ ამ მიმართულებით. წელს ორ ახალ ინტეგრირებულ პროგრამაზე განხორციელდება მიღება. კაჭრეთის ბაზაზე კომპიუტერული ქსელი და სისტემები, ლაგოდეხის ფილიალში მებაღეობა.

_ მალე კოლეჯ „აისში“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება. თუ შეიძლება, გვითხარით აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადებისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ. ასევე, რომელ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განხორციელდება მიღება კოლეჯ „აისსა“ და მის ფილიალებში?

_ აპლიკანტთა რეგისტრაცია დაიწყება 12 ივლისს და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება შემდეგ სპეციალობებზე:

  1. მევენახეობა-მეღვინეობა (დუალური პროგრამა) – კაჭრეთში
  2. მევენახეობა-მეღვინეობა (მოდულური პროგრამა) – კაჭრეთში
  3. სატყეო საქმე – კაჭრეთსა და ლაგოდეხის ფილიალში
  4. ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება – კაჭრეთში
  5. მეფუტკრეობა – კაჭრეთში
  6. მებაღეობა (ინტეგრირებული პროგრამა) – ლაგოდეხის ფილიალში
  7. მებაღეობა (მოდულური პროგრამა) – ლაგოდეხის ფილიალში
  8. ინფორმაციის ტექნოლოგია – კაჭრეთში
  9. კომპიუტერულიქსელიდასისტემები(ინტეგრირებული პროგრამა) – კაჭრეთში
  10. ელექტროობა – კაჭრეთსა და დედოფლისწყაროს ფილიალში
  11. იატაკისა და ფილის სამუშაოები – კაჭრეთსა და ლაგოდეხის ფილიალში
  12. მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება – კაჭრეთში
  13. თაბაშირ-მუყაოსკონსტრუქციებისმონტაჟი- ლაგოდეხის ფილიალში
  14. ქვისსამუშაოებისწარმოება- დედოფლისწყაროს ფილიალში
  15. შედუღება- დედოფლისწყაროს ფილიალში
  16. თმისა და სილამაზის მომსახურება – კაჭრეთში, დედოფლისწყაროსა და ალვანის ფილიალებში
  17. ხისმხატვრულიდამუშავება- კაჭრეთში
  18. თექისდამზადება- დედოფლისწყაროსდაალვანისფილიალებში
  19. მხატვრული ქსოვილები – ალვანის ფილიალში
  20. მომინანქრება – ალვანის ფილიალში
  21. კერამიკული ნაკეთობის დამზადება – ალვანის ფილიალში
  22. საოფისე საქმე – ლაგოდეხის ფილიალში

 

_ არის თუ არა სიახლე აპლიკანტთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით?

-დიახ, წელს აპლიკანტებს მხოლოდ ონლაინ შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა www.vet.emis.ge ვებ-გვერდზე. თუმცა, ონლაინ რეგისტრაციის დროს თუ ვინმეს პრობლემა შეექმნება, მათ დაეხმარებიან კოლეჯის წარმომადგენლები.  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf

_ გასულ წლებში რეგისტრაციის შემდეგ  ტარდებოდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება. წელს რამე ხომ არ შეიცვალა ამ მიმართულებით?

_ დიახ, წელს ოდნავ განსხვავებული პროცედურების დაცვით წარიმართება საგამოცდო პროცესი, რაც გამოიხატება იმაში, რომ  გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაზე გასვლა მოუწევთ მხოლოდ მეხუთე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ პირებს. წელს ჩვენს შემთხვევაში ასეთი არის მევენახეობა-მეღვინეობის მოდულური პროგრამა და აღნიშნულ პროგრამაზე დარეგისტრირებული პირები ტესტირებას გაივლიან ქიმიასა და ბიოლოგიაში. რაც შეეხება, მევენახეობა-მეღვინეობის დუალურ პროგრამაზე სწავლის მსურველებს, ისინი ჩაირიცხებიან შიდა ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე, რომელიც გაიმართება კოლეჯ „აისში“ საწარმოს ხელმძღვანელების ჩართულობით.

მესამე და მეოთხე დონის პროგრამებზე მიღება განხორციელდება კომპეტენციების შეფასების ალტერნატიული მეთოდებით:

  • გასაუბრება;
  • შემოქმედებითი/სპეციალური ტური;
  • პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზი.

გასაუბრებით შეფასდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სატყეო საქმე, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება, ინფორმაციის ტექნოლოგია, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, ელექტროობა, იატაკისა და ფილის სამუშაოები, მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, ქვის სამუშაოების წარმოება, შედუღება, საოფისე საქმე, თმისა და სილამაზის მომსახურება.

შემოქმედებით ტურს გაივლიან აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ხის მხატვრული დამუშავება, თექის დამზადება, მხატვრული ქსოვილები, მომინანქრება და კერამიკული ნაკეთობის დამზადება.

პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზით კომპეტენციების შეფასება კი  განხორციელდება მეფუტკრეობისა და მებაღეობის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული პირებისთვის.

_ სად ჩატარდება ალტერნატიული მეთოდებით (გასაუბრება, შემოქმედებითი ტური, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზი) აპლიკანტების კომპეტენციების შეფასება? 

_ ჩატარდება კოლეჯ  „აისში“ და მის ფილიალებში იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ლოკაციაზე ხორციელდება ის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც არის აპლიკანტი დარეგისტრირებული.

_ დამსაქმებლებთან, კერძო სექტორთან და უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებით თუ გაქვთ სიახლეები და აპირებთ თუ არა ურთიერთობის გაღრმავებას ამ მიმართულებით?

_ დამსაქმებლებთან და კერძო სექტორთან ურთიერთობა სტუდენტთა პროფესიული განვითარებისათვის და მათი შემდგომი დასაქმებისათვის მნიშველოვანია. ამ ეტაპისათვის ჩვენ გვყავს 200-ზე მეტი  დამსაქმებელი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. დამსაქმებლებთან და კერძო სექტორთან ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა აქტივობებით აუცილებლად გაღრმავდება.  ძალზედ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობითა და  თანამშრომლობით დუალური და მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების დანერგვა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ასევე ვცდილობთ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ უცხოელ პარტნიორებთან, რათა ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ უცხოური გამოცდილების გაზიარება.

_ რას უსურვებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რატომ უნდა აირჩიონ პროფესიული განათლება?

კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი საუკეთესო განათლების მისაღებად და  ყველა მათგანს ვპირდებით, რომ სრულად გავამართლებთ მათ მოლოდინებს. მთავარია, მათ არ დაზოგონ თავი სწავლისა და იმ პროფესიული უნარების შეძენისთვის, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს!

ჩემი სურვილია, ყველა სტუდენტი აქტიურად იყოს ჩართული და არცერთი მათგანი არ დარჩეს პროცესებს მიღმა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იამაყებენ  კოლეჯის ყველა თანამშრომლის  სამართლიანობით,  ობიექტურობით, ყურადღებიანობით  და რაც მთავარია სანდოობით.

ასევე, მივმართავ ყველა აპლიკანტს და მათ მშობლებს დროულად აირჩიონ სასურველი პროფესია. ჩვენ დავეხმარებით  მათ პროფესიის არჩევაში, გავაცნობთ კოლეჯ „აისის“ კურსდამთავრებულთა ქეისებს, რათა თავად დარწმუნდნენ, რომ მათი წარმატების გასაღები ჩვენს ხელშია! ჩვენ  ერთად შევძლებთ მაღალი პროფესიონალიზმით   გადავარჩინოთ ქართული ეკონომიკა.

_ დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს.

_ დიდი მადლობა.