,,საკუთარი თავის გარდა, არავინ იცის ჩვენი რეალური შესაძლებლობების შესახებ”-ნინო ბურჯანაძე

გაიცანით 17 წლის ძალიან წარმატებული გოგონა, ცხოვრების ასევე ძალიან საინტერესო გზით, სტატიაში ნინიკო გვიყვება მის მიღწევებზე და იმაზე თუ რა ნაბიჯები გაიარა წარმატებების მისაღწევად, თუ როგორ იხსენებს ის საზღვარგარეთ სწავლას კიდევ რა ინტერესები აქვს, რას აპირებს სამომავლოდ, ეს და სხვა თემები იხილეთ სტატიაში.

1.გამარჯობა ნინიკო შეგიძლიათ მოგვიყევით თქვენზე  და თქვენს საქმიანობაზე?

მოგესალმებით, პირველ რიგში ჩემთვის დიდი პატივია თქვენი დაინტერესება და მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ა.წ უკვე პოსტაბიტურიენტის პოზიციაზე მდგომი 17 წლის ნინიკო ბურჯანაძე გახლავართ, რომელიც ერთ თვეში ამერიკაში გაემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად.

2.ნინიკო, მოგვიყევით თქვენს მიღწევებზე

ფსევდო თავმდაბლობაში არ მინდა ჩამომართვათ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ჩემს განვლილ გზაზე მცირე თუ დიდი წარმატებების/გამართლებების შეფასება მიღწევებად მიჭირს. გულწრფელად გითხრათ ჩემი “მიღწევების” გარკვეული ნაწილი სწორ დროს სწორდ ადგილას სწორი არჩევანის გაკეთებით მოხდა, მაგრამ, რადგან კითხვაა დასმული ჩემი მიღწევებიდან სტანდარტულად 5 ს გამოვყოფ. 1. უდავოდ დებატების ტექნიკის შესწავლაა და ამ სფეროში წარმატების მიღწევა, რის შედეგადაც IRI Georgia-სთან თანამშრომლობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა დებატების მსაჯი და ტრენერი გავხდი. 2. მეორე გარდამტეხი მიღწევა გერმანიაში გაცვლითი პროგრამით ორი თვით წასვლა იყო. ამ პერიოდში გამოვცადე ჩემი თავი და მივეჩვიე დამოუკიდებლობას. გავიაზრე ღირებულებები და მიზნები, რომელთა მიღწევასაც ვგეგმავ მომავალში .მესამე მიღწევას და ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას ჩემს ცხოვრებაში ჰარვარდის მოდელირებაზე მონაწილეობის მიღება წარმოადგენს. ვიყავი პირველი ქართველი დელეგაციის წევრი და ამ 4 დღიანმა კონფერენციამ გადაფასებების და იმ მაშტაბების გააზრების შანსი მომცა, რასაც საერთაშორისოობა და ინტერნაციონალურობა ქვია, რაზეც სწავლას ვგეგმავდი(საერთაშორისო ურთიერთობები) და გადავიფიქრე.4. კარანტინის პერიოდის დამაგვირგვინებელი ჩემთვის კანტის აკადემიაში შესვლა იყო, საიდანაც ამარჩიეს 4 ბავშვში და მერგო პატივი მემუშავა ბავშვთა უფლებათა კოდექსზე და ამასთანავე გავმხდარიყავი კანტის აკადემიის ერთ-ერთი სახე. 5 ჩემი ბოლო მიღწევა ეს ინტერვიუა, რადგან თავის დროზე მეც არაერთხელ წამიკითხვას წარმატებული ახალგაზრდების სტატიები თუ ბლოგები. ყოველთვის მოტივაციას და მუხტს მაძლევდა მსგავსი ისტორიები და ჩემთვის დიდ მიღწევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეს შეიძლება ვინმემ ეს ინტერვიუ წაიკითხოს და მისთვის სამოტივაციო პიროვნება გავხდე.

3.შეგიძლიათ, გაიხსენოთ რა საფეხურები გაიარეთ და გადიხართ

იმისთვის, რომ ამერიკაში წახვიდეთ სასწავლებლად  არამარტო ამერიკაში, თუკი საზღვარგარეთ სწავლა გვინდა გვიწევს მრავალწლიანი მოსამზადებელი პროცესის გავლა. მარტივად, რომ შევადაროთ ეროვნული გამოცდისთვის ერთი წელი მომზადება საკმარისზე მეტია, რათა საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩავაბაროთ, უცხოეთში კი მხოლოდ გამოცდებით არ შემოიფარგლებიან.  საჭიროა ესეების, სამოტივაციო წერილების, ინტერვიუების გავლა, სივის შედგენა, სკოლაში საშუალო საფეხურზე მაღალი ნიშნები. იმისათვის რომ ხარისხიანად მოვუყაროთ ზემოთხსენებულთ თავი, გვჭირდება პროფესიონალი ადამიანების დახმარება ან უბრალოდ მტკიცე ნერვები. ჩემს შემთხვევაში საბედნიეროდ ორივე აღმოჩნდა და საბოლოოდ ჩავაბარე იქ, სადაც ამ ეტაპზე მინდოდა მესწავლა. ამ ეტაპზე ველოდები საელჩოში შესვლას, ვიზის მიღებას, ვაქცინის გაკეთებას და კენედის აეროპორტში მშვიდობიანად დაფრენას

  1. ბაქსვუდი სწავლის დროს როგორ გაიხსენებდით?

ჩემი აზრით და არამარტო ჩემი შეხედულებით, ჩვენი წარმატება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემო ფაქტორებსა და ადამიანებს, რომლებსაც გარშემო შემოვიკრებთ .ბაქსვუდში გატარებული ორი წელი, ვირტუალური თუ ფიზიკური ჩემთვის პიროვნულად ყველაზე განმავითარებელი იყო, რადგან ვვურთიერთობდი მსგავსი ინტერესების მქონდა ადამიანებთან, საინტერესო და მცოდნე მასწავლებლებთან, დახმარების შემთხვევაში ყოველთვის გვერდში მდგომ ადამიანებთან, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ახალ ქალაქში ინტეგრირებასა და თავის დამკვიდრებაში. ბაქსვუდმა დამისახა გამოწვევები, რომელთა გადალახვითაც თვითრწმენა ამიმაღლდა.
4.ნინიკო, ალბათ რთულია გქონდეს ასეთი აქტიური ცხოვრება, გვითხარით რა გაძლევთ ხოლმე მოტივაციას?

საინტერესო შეფასებაა “აქტიური ცხოვრება”, სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებულად აქტიური ცხოვრებით გამოვირჩევი სხვებისგან .ალბათ სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდე. ირგვლივ ყოველთვის მყავს ისეთი პიროვნებები, რომლებიც მუდმივ განვითარებაში არიან და ისინი მე მაგალითს მაძლევენ, რომ არცერთი მიღწევა, მითუმეტეს ამ ასაკში არ არის გარანტია, თუნდაც წარმატებული მომავლის არათუ ფინიშის ხაზი. რა საკვირველია, მეც მაქვს ისეთი პერიოდები როდესაც ვფიქრობ, რომ “ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა”(ეს ხუმრობით) მაგრამ გარდა გარე ფაქტორებისა, მოტივაციას საკუთარი თავიც მაძლევს, რომელიც მსგავს წინა ეპიზოდებში არ დანებდა და აწმყომდე მომიყვანა, ამიტომ წარსულის ნინიკოს იმედებს არ ვუცრუებ და წინ მისი ხათრით მივიწევ.

5.შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი ემოციები, როცა გაიგეთ რომ ამერიკაში მიდიოდით?

ამერიკაში ჩაბარების ამბის გაგება საკმაოდ ემოციურ გარემოში მოხდა-მე, ჩემი ლეპტოპი და ღამე. The amazing spider-man-ს ვუყურებდი, ვისაც არ გაქვთ ეს ფილმი ნანახი, მოქმედება ნიუ იორკში ხდება ,შესაბამისად გაჯერებულია ულამაზესი კადრებით რომლებიც ნამდვილად მოგანდომებთ ნიუ იორკში ისწავლოთ, ცხოვრობთ და ცათაბრჯენებზე იფრინოთ. მიუხედავად იმისა ,რომ უნივერსიტეტებიდან პასუხს მოგვიანებით ველოდი, სრულიად გაუაზრლებლად, სიჩუმეში, შევედი მეილზე და წავიკითხე Baruch College-ის იმეილი, რომელიც ყველა აბიტურიენტისთვის ნანატრი სიტყვით “congratulations “-ით იწყებოდა. ერთი გაოცებული სიხარულის ცრემლი ჩამომივარდა, შემდეგ მთელი ოჯახი გავაღვიძე და დედაჩემს ამ ამბით დედის დღე მივულოცე.

6.ნინიკო, გვესაუბრე თქვენს ინტერესის სფეროებზე

ჩემი ინტერესის სფეროები პერიოდულად იცვლება, ამიტომ მაქვს ხშირად სხვადასხვა ჰობი, თუმცა წლების განმავლობაში ჩემი ინტერესი დებატების, საჯარო გამოსვლების,  მუსიკის, საინტერესო ადამიანებთან დიალოგების მიმართ არ იცვლება. ამ ეტაპზე გარკვეული ინტერესები მაქვს სიმულაციის თეორიებზე, ასტროლოგიაზე, ენერგიის მართვაზე და მსგავს სპირიტუალურ საკითხებზე.

7.საინტერესოა რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

მეც ახალგაზრდა ვარ და არც ისე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, მაგრამ იმას მივხვდი ,რომ საკუთარი თავის გარდა, არავინ იცის ჩვენი რეალური შესაძლებლობების შესახებ. ამიტომ “არა”, “არ გამოგივა”, “ ვერ შეძლებ” პირდაპირ თუ ირიბად ნათქვამი არავისგან არ მიიღოთ. ჩემშიც შეუტანიათ ეჭვი იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სწორედ წარმატებებს მილოცავენ, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ არ გამომივიდოდა ან დანებებად ღირდა. ამიტომ იმოქმედეთ, საკუთარი თავისთვის, თვით რწმენით.

  1. და ბოლოს ,გვითხარით სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

უახლოეს მომავალს, რაც შეეხება მინდა მესამე კურსზე კოლუმბიის ან ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გადავიდე სასწავლებლად და იქ დავხურო ბაკალვრის პროგრამა. სავარაუდოდ ამას ამერიკაშივე მოყვება სტაჟირება და მაგისტრატურაზე ჩაბარება. საბოლოო მიზანი, მაინც საქართველოში დაბრუნებაა,  ცოდნის,გამოცდილების და შესაძლებლობების ჩამოტანა და აქაურობის უკეთესობისკენ შეცვლაა.მაქვს კონკრეტული გეგმები და პროექტები, რომელთა განხორციელებაც მინდა, მაგრამ ამისთვის ჯერ მე მჭირდება ბევრი თავგადასავალი.

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ