,,არასდროს არ არის გვიანი, დაიწყო იმის სწავლა და კეთება, რაც ოცნებად გაქვს.”- თეო ნუცუბიძე

Studyprogrammes.ge აგრძელებს რუბრიკას ინფლუენსერებთან და წარმატებულ ადამიანებთან. ჩვენი რუბრიკის მეორე სტუმარია წარმატებული ქართველი გრაფიკოს-დიზაინერი, ტაქტილური-მხატვარი – თეო ნუცუბიძე, იგივე TE ART.

გთავაზობთ ინტერვიუს თეოსთან:

-რა გინდოდა, რომ გამოსულიყავი ბავშვობაში?

-ბავშვობაში ძალიან ხშირად მეცვლებოდა სურვილები, ხან ბალერინობა მინდოდა, ხან მასწავლებლობა, მსახიობობა, საკმაოდ დიდი ხანი მინდოდა კომიქსების მხატვარიც ვყოფილიყავი, ასევე უზომოდ მიყვარდა ვიდეოების გადაღება და მონტაჟიც. საბოლოოდ ძალიან შორს არ წავსულვარ ამ ყველაფრისგან, თუმცა ჩაბარებამდე ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული რა პროფესიას ავირჩევდი.

-რა პროფესია აირჩიეთ და სად ისწავლეთ ?

-საბოლოოდ ჩავაბარე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტელე-კინო ფაკულტეტზე, კონკრეტულად ანიმაციური კინოს რეჟისურაზე. (2010-2014) სამწუხაროდ ამ სფეროს არ გავყევი, თუმცა თუ ხასიათზე ვარ დღემდე ვაკეთებ, ხოლმე რამდენიმე წამიან ანიმაციურ ჩანახატებს.

-რას საქმიანობთ ახლა ?

-დღეს გრაფიკოს-დიზაინერი და ტაქტილური-მხატვარი ვარ (რაც ნიშნავს უსინათლოებისათვის რელიეფური ილუსტრაციების შექმნას), ასევე ვარ ვიდეოგრაფი, მემონტაჟე და არტ-ვიზაჟისტი. ამ ბოლო სამეულმა საქმის სახე ბოლო თვეების მანძილზე მიიღო, მანდამდე წლების განმავლობაში უბრალოდ ჰობი იყო.

-გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები

-სამომავლოდ ძალიან მინდა, რომ უფრო გავიღრმაო ჩემი ინტერესოს სფეროებისადმი ცოდნა, გავხადო უფრო მრავალფეროვანი და კიდევ უფრო საინტერესო. საბედნიეროდ ვარ ადამიანი, რომელსაც საკუთარი საქმე უზომოდ უყვარს და ამ ყველაფრის კეთება დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

-და ბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

-ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, არასდროს არ ჩაიქნიონ ხელი იმ საქმეზე, რომელიც მართლა უყვართ, ასევე არასდროს არ არის გვიან, დაიწყო იმის სწავლა და კეთება, რაც ოცნებად გაქვს, მთავარია გაბედო და პირველი ნაბიჯი გადადგა.

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ