განათლების სამინისტროს ინიციატივით, მსურველებს „ვიკიპედიაში“ მუშაობას შეასწავლიან

კონკურსის – „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ მონაწილეებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ვიკიმედიის ქართული ჯგუფი საკონკურსო მასალის თემატიკისა და ტექნიკური პარამეტრების გაცნობის მიზნით, სპეციალურ ტრენინგებს სთავაზობს. ინფორმაცია სამინისტრომ 22 ივლისს გაავრცელა.

როგორც უწყება განმარტავს, ტრენინგი კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალის შესახებ და გაეცნონ მათ მიერ მომზადებული სტატიების ვიკიპედიის პლატფორმაზე ატვირთვისა და საკონკურსოდ წარდგენის პირობებს.

ერთსაათიანი ტრენინგები დისტანციურ ფორმატში 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:

31 ივლისი, 11:00 საათი – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართველოლოგიური მასალები და მათ შესახებ ვიკისტატიების მომზადების პრინციპები.

1 აგვისტო, 11:00 საათი – როგორ დავარედაქტიროთ ვიკიპედია?

2 აგვისტო, 20:00 საათი – როგორ შევქმნათ ახალი სტატია ვიკიპედიაში?

3 აგვისტო, 20:00 საათი – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტატია, რომ არ წაიშალოს?

ტრენინგში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა 29 ივლისის ჩათვლით შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: exb.edu@manuscript.ac.ge

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2UF3Epj