კომუნიკაციების კომისიამ და ევროკავშირმა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში პედაგოგების გადამზადება დაიწყეს

კომუნიკაციების კომისიამ და ევროკავშირმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში დეზინფორმაციასთან ბრძოლაში პედაგოგების გადამზადება დაიწყო. „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ – ტრენინგები ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელს ჩაუტარდება.

სამი თვის განმავლობაში ტრენინგები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება. პედაგოგები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდებიან, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა.