,,აშშ-ში სწავლა ბევრი ახალგაზრდის ოცნებაა…“ – გიორგი ბრეგვაძე FLEX-ის ფინალისტი

სტატიაში გაგაცნობთ 18 წლის გიორგი ბრეგვაძეს, თბილისიდან, რომელიც 2019-2020წლის FLEX-ის პროგრამის ფინალისტია. 2021 წელს მან დაასრულა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა, ჩაუქროლა აბიტურიენტობის ერას და დღეს ფაქტობრივად სტუდენტია უმაღლესი ქულებით. მეტიც, დღეს ეს წარმატებული პიროვნება თინეიჯერი მასწავლებელიცაა, ის თუ როგორ მოახერხა ამ საკმაოდ რთულ პროექტში გამარჯვება და ამერიკაში წასვლა, ასევე რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე მოუწია ყოფნა იხილეთ გიორგისთან ინტერვიუში.

-როგორც ჩვენთვისაა ცნობილი flex -ის პროგრამით ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლე, მოგვიყევით ამის შესახებ?

-როგორც თქვენთვის ცნობილია, FLEX პროგრამის ფინალისტი ვარ. 2019-2020 წლების კვეთა გავატარე აშშ-ში. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც უამრავი კარი გამიღო, ბევრიც დამიხურა და მაიძულა, გადასარჩენად ფანჯარა მეპოვა. მოგეხსენებათ, აშშ-ში სწავლა ბევრი ახალგაზრდის ოცნებაა. მახსოვს, როგორ მოვდიოდი სახლში სკოლიდან და ერთფეროვნებით, ნაცრისფერი დღეებით დაღლილი ფერებისკენ მივისწრაფოდი. სწორედ სიფერადესთან, დინამიკასთან ასოცირდებოდა ჩემთვის აშშ. როგორც კი გავიგე FLEX პროგრამის არსებობის შესახებ, იმწამსვე დავიწყე ინფორმაციის მოძიება და შრომა ჩემი მიზნის რეალობად გადასაქცევად. ასეც მოხდა და… გავფრინდი.

 

-რა მოლოდინები გქონდათ აშშ- ში სწავლასთან დაკავშირებით და გამართლდა თუ არა?

-ყოველთვის მესმოდა, რომ სწავლის დასავლური მოდელი დემოკრატიული ღირებულებებით აღსავსე თავისუფალი ინდივიდის გამოძერწვას ისახავს მიზნად. ასეც აღმოჩნდა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ინგლისურის კლასი, რომელსაც დიდი ინტერესით ვესწრებოდი. სწორედ აქ ვისწავლე წერა,ანუ ნააზრევის გადმოცემა. ამერიკაში პედაგოგები მოსწავლეებს როგორც ინდივიდებს, ისე უყურებენ და, წარმატებისთვის საჭირო იარაღებით ამარაგებენ, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა და კოლაბორაციის უნარი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთელი წლის განმავლობაში არ გამჩენია ზეპირად დასწავლის საჭიროება. ტექნიკური საგნების გამოცდებზე უზრუნველყოფილი ვიყავით ყველა ფორმულითა და კალკულატორით. ერთადერთი, რაც გვევალებოდა, სიმბოლოების რიცხვებით ჩანაცვლება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ, ზოგ შემთხვევაში, პედაგოგები კითხვების არიდებას ცდილობდნენ, მაგალითად, ქიმიის გაკვეთილზე, როდესაც ვალენტობის შესახებ ვსწავლობდით, მასწავლებელს კიტხვა დავუსვი, რომელზეც არ მიპასუხა და მითხრა, რომ კითხვა მეტისმეტად ღრმა იყო, რომელზე პასუხიც არაფერში გამომადგებოდა.

 

-რა სირთულეებს გადააწყდით ? რა გამოცდილება მიიღეთ აშშ-ში?

-მიმაჩნია, რომ ყველაზე რთული მასპინძელ ოჯახში ცხოვრებაა. როდესაც ოჯახის წევრი ხარ, შენკენ მომართულია თვალები, რომლებიც გხედავენ ისე, როგორც მათ სურთ. სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო, ნათქვამია და ყველაზე მეტად სწორედ ამის შესრულება მიჭირდა. წლის განმავლობაში სამი მასპინძელი ოჯახი გამოვიცვალე, რადგან არ ემთხვეოდა ჩვენი ღირებულებები, ფასეულობები. ამერიკაში კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგ შემთხვევაში, მრავალფეროვნება კიდევ უფრო მეტ ეტიკეტს ქმნის, რომელიც საზოგადოებას ჯგუფებად ყოფს – იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური ეტიკეტი. ჯგუფების უმრავლესობა კი თავს არ გრძნობს დაცულად მაშინ, როდესაც ,,ვაშლების’’ ჯგუფში ,,მსხალი’’ აღმოჩნდება და იქმნება დისკომფორტის განცდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკაში გამგზავრებამ დამინგრია მრავალი წარმოდგენა, რომელიც ქვეყნის შესახებ მქონდა, მაგალითად, ერთხელ ასაკოვანი მამაკაცი ხის ჯოხით გამომეკიდა სუპერმარკეტიდან, რადგან ჩემს მეგობარს ქართულად ვესაუბრებოდი. ერთხელ კი მტკიცე უარი მივიღე ჩემი საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე წასვლაზე, რადგან მისი მუსიკა ჩემი მასპინძელი ოჯახის გემოვნებაში არ ჯდებოდა. მოკლედ, პატარ-პატარა იმედგაცრუებები თოვლის გუნდას ეფექტით ერთმანეთს დაემატა, მოზრდილ გუნდად გადაიქცა და ჩემი ოცნებების კოშკი დაანგრია. თუმცა, ჩემი კოშკის ნანგრევებით მუზარადი და ჯაჭვის პერანგი შევქმენი, გავილაშქრე ჩემი შიშების წინააღმდეგ და დავამარცხე კიდეც ისინი. როდესაც მარტო ხარ ოკეანის მიღმა, ახალ კონტინენტზე, თავიდან გიწევს საკუთარი თავის გაცნობა. სვამ კითხვებს, რომლებზე პასუხებსაც თავად პოულობ. ხელახლა ძერწავ საკუთარ თავს და ხელახლა ნიშნავ საკუთარ ადგილს რუკაზე. ვფიქრობ, აშშ-ში გამგზავრება ერთგვარი მეტამორფოზა იყო, რომელმაც დამამარცხა, გამზარდა და ბოლოს… გამამარჯვებინა.

 

-როგორც ცნობილია ,,ფლექსში“ გამარჯვება არც ისეთი მარტივია, შენი გამოცდილებიდან რას ურჩევ მომავალ თაობას?

– FLEX შესანიშნავი გამოცდილებაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას საბედისწეროდ ცვლის. მომავალ აპლიკანტებს ვურჩევ, კარგად გაიცნონ საკუთარი თავი, განსაზღვრონ თავიანთი პრიორიტეტები, ოცნებები მიზნები, ფასეულობები. საკუთარი თავის შეცნობა დაეხმარებათ, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო მხარე პროგრამის მსვლელობისას. ინტერვიუსა და აპლიკაციაში კი, რომელთა შევსებაც გამგზავრებამდე საჭიროა, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე განაცხადონ, რადგან სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს მასპინძელი ოჯახის შერჩევას. არსებობს მითი, თითქოს FLEX პროგრამა ინგლისური ენის ოლიმპიადაა. არადა, ინგლისური ენის ცოდნა მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვეტია. გადამწყვეტი როლი არც სკოლის ნიშნებს უკავია. მთავარი ისაა, აღჭურვილი ხარ თუ არა პიროვნული მახასიათებლებით, რომლებიც უცხო გარემოსთან ადაპტაციაში დაგეხმარება. იყავით თავდაჯერებულები, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და გახსოვდეთ, რომ ყველა ჩვენგანს აქვს ფრთები, მთავარია გვახსოვდეს მათი არსებობა.

 

-როგორც ჩვენთვისაა ცნობილი დღეს ამზადებთ ბავშვებს უცხო ენაში- კერძოდ ინგლისურში. რას გვეტყვით ამის შესახებ , რატომ გადაწყვიტე, რომ თინეიჯერი მასწავლებელი გამხდარიყავი?

– ამერიკაში ყოფნისას ვხედავდი, როგორ შრომობდნენ ჩემი თანაკლასელები, რათა საკუთარი საჭიროებები თავად უზრუნველყოთ. სწორედ ამან იქონია დიდი გავლენა ჩემს ცხოვრების სტილზე და სამუშაოს დაწყების წყურვილით ამავსო. ამერიკაში ყოფნისას ჩემი ვიზა მუშაობის შესაძლებლობას არ მაძლევდა, ამიტომ მომიწია, სამეზობლოში მეტრიალა და, საჭიროების შემთხვევაში, ისეთ საქმეებში დავხმარებოდი, როგორებიცაა: ძაღლების გასეირნება, ბალახის გაკრეჭა, ფოთლების მოფოცხვა და ა.შ. ერთხელ გველსაც კი დავუსხი წყალი.  საქართველოში ჩამოსვლისთანავე დავიწყე მუშაობა მოლარე-კონსულტანტად, რადგან მინდოდა გამომეცადა, როგორია ერთ სივრცეში უამრავ ადამიანთან სოციალიზაცია. ვფიქრობ, ამ სამსახურმაც გამზარდა და ადამიანების შეცნობაში დამეხმარა, ასევე კომუნიკაციის ხელოვნება დამახვეწინა. ამ გამოცდილების მიღების შემდეგ დავტოვე სამსახური და გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ინგლისური ენის მასწავლებელი, რადგან მინდა, რომ სანთელი, როგორც ილია ჭავჭავაძე უწოდებს ცოდნას, სხვასაც გადავუკიდო, ჩემი გამოცდილება გავუზიარო თაობას, რომელსაც შეუძლია ფერების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ვცდილობ, ვიყო იმის რეპრეზენტაცია, რაც მე ბავშვობაში მაკლდა. ჩემი მიზანია, ბავშვებს დავანახო, რომ სწავლა მართლაც სინათლეა. სინათლე, რომელსაც ვერაფერი ჩააქრობს.

 

-და ბოლოს , რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

– ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც არ მაქვს. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, დინამიკის შენარჩუნებაა. მიყვარს გამოწვევების, ცვლილებების ტალღებში ხტომა და ცურვა. როგორც უკვე აღვნიშნე, სტუდენტობის ერაში ვაბიჯებ. მრავალმხრივი ადამიანი ვარ. უამრავი შრე მაქვს, რომლებიც ყოველდღე ითხოვს საზრდოს. ვაპირებ თავისუფალ უნივერსიტეტში ,,მართვისა და სოციალური მეცნიერებების’’ ფაკულტეტზე სწავლას, რათა გავაგრძელო ძიების პროცესი, სიღრმისეულად შევისწავლო ჩემი ინტერესის სფეროები და, რაც მთავარია, ვისწავლო ის, რაც ყუთში არ მომათავსებს და მრავალ სფეროში მომცემს ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობას. ჩემი მიზანია, დავანახო ადამიანებს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნია. მთავარი ავთენტურობა და საკუთარი თავის რწმენაა.მინდა მოგიწოდოთ, იყავით ის, ვინც ხართ, არ დაკარგოთ საკუთარი ხმა და გახსოვდეთ, რომ დიდ ცვლილებებამდე პატარ-პატარა ნაბიჯებს მივყავართ.

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ