სკოლების ნაწილმა შესაძლოა, სწავლა საკლასო ოთახებში განაახლოს – რა პირობების დაკმაყოფილება დასჭირდებათ მათ

სკოლების ნაწილმა შესაძლოა, სწავლის განახლებაზე მიიღოს თანხმობა. აღნიშნული ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 20 აგვისტოს, ონლაინ ჩართვისას წარადგინა.

როგორც მან განმარტა, საკლასო ოთახებში სწავლის განახლებისთვის წახალისდება და უსაფრთხო სკოლის სტატუსი მიენიჭება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას იმ შეთხვევაში, თუ თანამშრომელთა 80-% აიცრება.

„ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი, თუმცა განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და მათ აქვთ დახლოებით 40%-მდე მონაცემი. ჩვენი მონაცემები დაახლოებით ორი კვირის წინანდელია და გასაგებია, რომ ორი კვირის განმავლობაში შეიძლება შეიცვალა და კარგია თუ ეს 40-%-ია.

უსაფრთხო სკოლებს ვუწოდებთ ჩვენ იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების, და მარტო მასწავლებლებისა არა, ადმინისტრაციული პერსონალის, ვისაც ბავშვებთან შეხება აქვს, 80% აცრილი იქნება. ამიტომ, სადაც 80-% აცრილია, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. თუ ისეთი ეპიდსიტუაცია იქნება, როგორიც დღეს არის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს თანხმობას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ პასუხად კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი, იმ რეგიონებში და იმ სკოლებში, სადაც პედაგოგების უმრაველსობა აცრილი იქნება, გაიცეს საკლასო ოთახებში სწავლის განახლების ნებართვა.