აბიტურიენტები, რომლებმაც 100% – იანი გრანტი მოიპოვეს

2021 წელს უმაღლეს სასწავლებლებში 29 362 აბიტურიენტი ჩაირიცხა, მათგან 6 545 გამოსაცდელმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. 2021 წელს რეგისტრირებულ აპლიკანტთა 76% გახდა სტუდენტი. ეს პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ემთხვევა გასული წლის მაჩვენებელს (75%). პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა.

ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 454, 50%-იანი გრანტი კი – 4 080 აბიტურიენტმა.

სტატიაში გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც 100% გრანტის მოპოვება შეძლეს. ის თუ როგორ მოახერხეს ასეთი წარმატებისთვის მიეღწიათ იხილეთ მათთან ინტერვიუში.

 

ლევან ელიაური, 18 წლის, გორი.ფოტოს გახსნა

ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ვაპირებ გავხდე ექიმი. კონკრეტულად ეროვნული გამოცდებისთვის 1 წელი ვემზადებოდი. ასეთ შედეგს, რა თქმა უნდა, ველოდი ჩემი ქულებიდან გამომდინარე, რადგან ქიმიაში მივიღე მაქსიმალური შეფასება. ჩემი აზრით წარმატების მისაღწევად საჭიროა ძლიერი მოტივაცია და მიზნის მიღწევის სურვილი, ამასთან ერთად, მე დამეხმარნენ ჩემი მასწავლებლები, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი, მაძლევდნენ მოტივაციას და ზრუნავდნენ ჩემს განვითარებაზე. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ მომავალი პროფესიის არჩევას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, რადგან მათ მხოლოდ სასურველი მიზნისთვის ბრძოლაში ექნებათ წარმატების მისაღწევად საჭირო მოტივაცია თავდაუზოგავი შრომა კი ყოველთვის გამოიღებს სასურველ შედეგს ყველა აბიტურიენტს ვურჩევ, რომ დაუზარელად იშრომოს მიზნის მისაღწევად რადგან წარმატების მიღწევის შედეგად გამოწვეული სიხარული ნამდვილად ღირს ამად. წარმატებას ვუსურვებ ყველა მომავალ აბიტურიენტს !

 

 

ნათია ბარაბაძე, 17 წლის, ხონი.ფოტოს გახსნა

ჩემი ოცნება იურისტობაა, ამიტომაც ეს ცხოვრების უმთავრეს მიზნად მექცა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,სამართლის ფაკულტეტზე, ჩავირიცხე. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. მთელი არსებით მინდოდა, რომ ჩემი აბიტურიენტობის ფინალი ასეთი ყოფილიყო. 4საგანი ჩავაბარე. ყველა მათგანში 10თვის განმავლობაში ვემზადებოდი ,გარდა ლიტერატურისა. ამ საგნის გააზრებასა და შესწავლას მხოლოდ 2 თვე მოვანდომე. არასდროს არ მიფიქრია, რომ 100%-იანი გრანტის მფლობელი უნდა გავმხდარიყავი. ვსწავლობდი ,რათა მიმეღწია მიზნისათვის და ,,ჯავახიშვილის“ სამართლის სტუდენტი გავმხდარიყავი. ვფიქრობდი, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე, რომ კონკრეტული თემა საფუძვლიანად შემესწავლა. მქონდა იმედი იმისა,რომ ამგვარი მიდგომა შედეგს გამოიღებდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიაზრე ,რომ 100%-იანი გრანტი მოვიპოვე. ამგვარი შედეგის მიღწევა შესაძლებელია გამუდმებით საკუთარ თავზე მუშაობით. მთავარია, რომ ყოველდღე სჯობდე შენს გუშინდელ პიროვნულ ,,მეს“ და გამუდმებით ახალ მარცვალს, რომელიც წარმატებისაკენ გადადგმული ნაბიჯების ტოლფასია, საკუთარ ქვეცნობიერში. ისწავლე, დაიხარჯე, რათა ეტაპობრივად დაიმსახურო დიადი შედეგი. მიმაჩნია,რომ ამგვარ შედეგს ვერ დავიმსახურებდი, თუკი თავიდანვე იმაზე ვიფიქრებდი, სხვა გზა არაა, მხოლოდ 100%-იანი გრანტის მფლობელი უნდა გავხდე-მეთქი. ჩემი მიზანი იყო სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა, რასაც მოჰყვა კიდევაც ამგვარი დიადი სიხარული. ჩემი რჩევა იქნება მომავალი აბიტურიენტებისადმი, რომ თითოეულმა მათგანმა ეს მიდგომა აირჩიოს. უბედნიერესი ვარ, რომ 10 თვიანმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ცხოვრების ახალ ეტაპს ასეთი ემოციებით ,,დახუნძლული“ გავუყვები. ვიცი და მჯერა, რომ ნაყოფიერი შრომის ტრიუმფი სწორედ ესაა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აბიტურიენტმა არასდროს არ გაიფიქროს, მე ვერ შევძლებ მწვერვალების დაპყრობასო.100%-იანი გრანტის მიღებამ დამარწმუნა, რომ შრომით არაფერია შეუძლებელი ! ეს უდიდესი ძვრაა, რომელიც ჩემი ცხოვრების უმთავრეს ნაწილად იქცა. დიდებული მიხეილ ჯავახიშვილი წერდა : ,,პირველი შრომა, მეორე- შრომა, მესამე-შრომა“!

 

დიანა ცინცაძე, 18 წლის, ბათუმი.ფოტოს გახსნა

ჩავაბარე ფსიქოლოგიაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვემზადებოდი 10 თვე და როცა თავდაუზოგავად შრომობ, რა თქმა უნდა, მსგავს შედეგსაც ელი. წარმატების მიღწევაში ყველაზე მთავარი მიზნისკენ სწრაფვა, შრომისმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენაა. როცა ზუსტად იცი რა გინდა, მისკენ მიმავალ გზაზე ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგაჩერებს, მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, მაქსიმალური შრომისმოყვარეობით მიუდგნენ მეცადინეობის პროცესს, რადგან მნიშვნელოვნად სწორედ ეს განსაზღვრავს შედეგს, და არ მოდუნდნენ არცერთი წამით. შედეგით ტკბობა ღირს დაღლად და ყოველ გათენებულ ღამედ.

 

 

ნინო მეხრიშვილი, 17 წლის , დ. სურამი.ფოტოს გახსნა

ავირჩიე უნივერსიტეტი თსუ, ფაკულტეტი – ტურიზმი. ვემზადებოდი ერთი წელი. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე გამოცდებზე, შესაბამისად, მოლოდინიც მქონდა.ზოგადად, წარმატების მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც დაუღალავ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ჩემთვის აღნიშნული წარმატების უმთავრესი იარაღი, ვფიქრობ, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა იყო, ამ ყველაფრის სინთეზმა კი საბოლოოდ ის დიდი სიხარული მომანიჭა, რასაც 100%-იანი გრანტის აღება ჰქვია. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, იყვნენ თავდაჯერებულები, მოტივირებულები და პოზიტიურები. გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი და, პირველ რიგში, საკუთარ თავებს დაუმტკიცონ, რომ ნებისმიერი ,,მწვერვალის“ დაპყრობაა შესაძლებელი.

წარმატებას ვუსურვებ ყველას და იმედია, ისეთივე გახარებულები იქნებიან მომავალ წელს, როგორიც ახლა მე ვარ.

 

 

დეა იაშაღაშვილი, 18 წლის, თბილისი.ფოტოს გახსნა

გადავწყვიტე, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩამებარებინა, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. მომზადების გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა იმ შედეგის მიღწევა, რომელიც ახლა მაქვს. ისტორიასა და ქართულს 1 წელი დავუთმე, ინგლისური უფრო მარტივი იყო ჩემთვის, ამიტომ მხოლოდ რამდენიმეთვიანი მეცადინეობა საკმარისად . რა თქმა უნდა, მოლოდინი მქონდა, რადგან უდიდესი შრომა მაქვს ჩადებული თითოეულ საგანში, ამიტომ იმაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს, როცა სასურველ შედეგს იღებ. აბიტურიენტობის დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდი, არც კი ვიცოდი შევძლებდი თუ არა მსგავს შედეგზე გასვლას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის გახლდათ ის, რომ მქონდა უდიდესი მოტივაცია, მხარს მიჭერდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, მასწავლებლები, შესაბამისად, იზრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაც და სურვილი იმისა, რომ დამემტკიცებინა და მეჩვენებინა მათთვის საკუთარი შესაძლებლობები. თუმცა , რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მიზანდასახულობა და მოტივაციაა. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად ზუსტად გაანაწილონ დრო და რაც მთავარია სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია, ნერვიულობასა და სტრესს არანაირი აზრი არ აქვს, ეს ხელს უფრო შეუშლის მათ. ბევრი შრომით, მოტივაციითა და მიზანდასახულობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, ამიტომ როგორც იტყვიან Hard work pays off.

 

 

დიტო ბელქანია 18 წლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი (სოფ. ნაცატუ).ფოტოს გახსნა

ვსწავლობდი წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში . ავირჩიე თსუ-ს ჟურნალისტიკა .რაც შეეხება მომზადებას, მხოლოდ ბოლო 9 თვე ვიარე რეპეტიტორებთან, რომლებმაც სკოლაში მიღებული ცოდნა კიდევ უფრო გამიღრმავეს . სიმართლე გითხრათ, ცოტა პესიმისტი ვარ და არასდროს არ ველი საოცრებებს, თუმცა ყოველივე სკალირებული ქულების გაგების შემდეგ შეიცვალა. ალბათ, საუკეთესო შედეგს კი მივაღწიე თავდაუზოგავი შრომით, მთელი 9 თვე მხოლოდ და მხოლოდ გამოცდებზე ვიყავი ორიენტირებული, მეტიც, ოჯახის წევრებიც ვერ მხედავდნენ, თუმცა ეს ამად ,ნამდვილად, ღირდა. აქედან გამომდინარე მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ მაღალ მოტივაციას და თავდაუზოგავ შრომას, რომელიც მერწმუნეთ კენწეროში გატკბილდების.

 

 

ელენე ძოწენიძე, 18 წლის, ქუთაისი.ფოტოს გახსნა

ავირჩიე მედიცინა მესწავლა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. ვსწავლობდი მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში, სადაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ აბიტურიენტების მომზადებას და ამიტომაც არ დამჭირვებია რეპეტიტორთან სიარული. მეთერთმეტე კლასი გავატარე ,როგორც გაცვლითმა სტუდენტმა FLEX_ის პროგრამით, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მინდოდა, წარმატებით ჩამებარებინა და სასურველი გრანტი მიმეღო ვგრძნობდი, რომ სხვებზე მეტად მიჭირდა ქართული. ამიტომაც ძალიან გამიხარდა,როდესაც გავიგე,რომ ჩემი შრომა დაფასდა. შრომით, შრომით და შრომით.ბევრჯერ მიფიქრია,რომ ამდენი მეცადინეობა შეუძლებელი იყო, თუმცა მთავარია ყველა აბიტურიენტს ახსოვდეს, რომ დანებება და სირთულისგან გაქცევა გამოსავალი არასდროს არ არის. ყველას შეუძლია დასახული მიზნის მიღწევა თუ მოინდომებს. ჩარიცხვისა და სასურველი გრანტის მიღების ბედნიერებამ მთელი წელი გამილამაზა. ეს დღე არის მთელი წლის შრომის დაფასება, რა თქმა უნდა, შედეგი არა მარტო აბიტურიენტს, არამედ ყველა მის გვერდით მყოფს აბედნიერებს და ისიც ივსება მეტი პოზიტიური ემოციით. ყველა აბიტურიენტს ვურჩევ,რომ,როდესაც გაუჭირდებათ გაიხსენონ თუ რისთვის შრომობენ, რისთვის ატარებენ კიდევ ერთ უძილო დღეს და,რომ „კენწეროში გატკბილდება“.

 

გიორგი ბრეგვაძე, 18 წლის, თბილისიდან.ფოტოს გახსნა

დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ არჩევანი ბიზნესის ადმინისტრირებაზე შევაჩერე, მარკეტინგის განხრით. უნდა აღვნიშნო, რომ სასწავლო წლის დასაწყისში ბიზნესს სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა გავიაზრე, რომ ბიზნესი არა მხოლოდ ციფრები, არამედ კომუნიკაციის ხელოვნებაა. სწორედ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილმა, მრავალფეროვნების ძიებამ და დინამიკისთვის მზადყოფნამ მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. სწავლას კი 13 სექტემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში დავიწყებ. გამოცდებისათვის მზადება სექტემბრიდან დავიწყე. ინტენსიურად ვმეცადინეობდი როგორც ისტორიის, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისათვის. უნდა აღვნიშნო, რომ 1 წელი სრულიად საკმარისია მაღალი შედეგის მისაღწევად, თუ, რა თქმა უნდა, აბიტურიენტი პასუხისმგებლიანი და მიზანდასახულია. რაც შეეხება ინგლისურის გამოცდას, საერთოდ არ მოვმზადებულვარ. პირიქით, მყავს მოსწავლეები, რომელთაც ვუტარებ ინგლისური ენის გაკვეთილებს. ვფიქრობ, სწავლების პროცესი თავისთავად უცხო ენის გამოცდის მასალის გადამეორებაშიც დამეხმარა, რაც ქულებზეც აისახა. როგორც კი ქულები დაიდო, გამოვითვალე ჩემი საგრანტო ქულა და ვიცოდი, რომ ასპროცენტიან გრანტს ვიღებდი. რაღა დაგიმალოთ და წინასწარ განვიცადე ეს სიხარული. შესაბამისად, ამ სასიამოვნო ამბის გაგებას ჩემი დიდი გაკვირვება ან ოვაციები აღარ მოჰყოლია. წარმატება მწვერვალს ჰგავს, რომლამდეც გრძელ ბილიკს მივყავართ. გირჩევთ, წინასწარ დაგეგმოთ მუშაობის პროცესი. მნიშვნელოვანია, დაისახოთ გეგმა, რომელიც რეალისტურია და მუდმივად მიჰყვეთ მას. აი, წარმოიდგინეთ, თუ დღეში 50 000 ნაბიჯის გავლა გაქვთ დასახული მიზნად, რომლის რეალობად ქცევასაც თითქმის მთელი დღე სჭირდება, მომდევნო დღეს დაღლილსა და გულაცრუებულს 5 ათასი ნაბიჯის გადადგმაც კი აღარ მოგინდებათ. დაისახეთ გეგმა, რომელიც მოერგება თქვენს შესაძლებლობებს. გადადგით იმდენი ნაბიჯი, რამდენსაც დღის განმავლობაში მოახერხებთ. მთავარია, მუშაობა აქციოთ ყოველდღიური რუტინის ნაწილად და ისწავლოთ დროის მენეჯმენტი. ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეებს აბიტურიენტობის პერიოდს ნაცრისფრად აღუწერენ ხოლმე. ბევრ თქვენგანს, ალბათ, ამ ინტერვიუს კითხვისას აბიტურიენტობის ხსენებაზე გათენებული ღამეები, ჩაშავებული უპეები და ვალერიანის აბები გაახსენდება. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყოველი მოსწავლის გამოცდილება განსხვავებულია. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, არ მოექცნენ სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტების გავლენის ქვეშ, რომლებიც აბიტურიენტობის პერიოდს შავად ხატავს და სანაცვლოდ, თავად შექმნან ამ ეტაპის ამსახველი სურათი. ახსოვდეთ, რომ თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ არჩევნებს,საკუთარ თავს კი მომავლისაკენ უკვალავენ გზას.

 

 

ლიზა ფარცვანია, ზუგდიდის რაიონის სოფ. ყულიშკარიფოტოს გახსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აწ უკვე პირველი კურსის სტუდენტი. აბიტურიენტობის პერიოდში ვემზადებოდი ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ შედეგის დადებაში. მთელი წლის განმავლობაში აქტიური და დაუღალავი შრომის შემდეგ არ ყოფილა მოულოდნელი ის, რაც ჩემი პირადი ნომრისა და კოდის შეყვანის შემდეგ შედეგების გვერდზე ვიხილე, ამ ყოველივემ კი უსაზღვრო ემოციები გამოიწვია ჩემში. რაც შეეხება გამოცდილებას, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შრომა, მონდომება და საკუთარი თავის რწმენაა ის, რასაც სასურველ მიზნამდე მივყავართ. შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება, როცა მუშაობ საკუთარ თავზე, იზრდები ყოველდღიურად და იაზრებ, რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. 2022-ის აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არ დაკარგონ დრო ნერვიულობაში, რადგან “Overthinking” ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის. არ მისცეთ გარე ძალებს უფლება, უარყოფითად იმოქმედონ თქვენზე, დაისახეთ მიზანი და თქვით, რომ ეს შეგიძლიათ. წარმატებას გისურვებთ .

 

 

ღლიკერია-ილიანა კიკნაძე, 19 წლის, ხაშური.ფოტოს გახსნა

ავირჩიე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ვფიქრობ, რომ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა აუცილებლად დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში. ვემზადებოდი თითოეულ საგანში სხვადასხვა ხანგრძლივობით. კარგი შედეგის მოლოდინის მიუხედავად, მაინც ძალიან განვიცდიდი გამოცდის შემდგომ ეტაპს. რთულია მშვიდად იყოს აბიტურიენტი, როდესაც საკუთარ ნაწერს ათასჯერ იაზრებს გონებაში. ვფიქრობ, რომ ყველა აბიტურიენტისთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია გაიაზრონ რისთვის იბრძვიან. აქედან ჩნდება უკვე სურვილი საკუთარი თავის გაუმჯობესებისა. მომავალი სტუდენტებისთვის ერთ-ერთი მთავარი უნარი საპროგრამო მასალის დეტალური დამუშავებაა. აქვე დავამატებ, რომ ზოგადი განათლებაც დიდ როლს თამაშობს წარმატების მიღწევაში. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არ დანებდნენ. შრომა აუცილებლად დაუფასდებათ. ხშირად იგრძნობენ დაღლასა და სასოწარკვეთილებას, თითქოს ყველაფერი ამაოა, თუმცა ყოველთვის უნდა იპოვონ წინსვლის ძალა. იმუშავეთ საკუთარ თავზე, აიმაღლეთ თვითშეფასება და გახდით უფრო თავდაჯერებულნი. არავის მისცეთ ნება გადაწყვიტოს თქვენი ძალების ლიმიტი და შეგიქმნათ ზღვარი, რომელიც ოცნებას გაშორებთ. იბრძოლეთ, იშრომეთ და საკუთარი თავის რწმენას ნურასდროს დაკარგავთ. თქვენ ამას შეძლებთ!

 

 

გიორგი კავთელაძე, 17 წლის.ფოტოს გახსნა

ავირჩიე ეკოლოგია ილიას უნივერსიტეტში. რაც შეეხება მომზადებას ვემზადებოდი 10 თვე. გრანტისთვის მთავარია შრომა და ეროვნულ ტესტებზე ორიენტირება, მიმაჩნია, რომ ამასთან ერთად უნდა გაგიმართლოს. ჩემი აზრით ეროვნულები არ გაძლევს იმის საშუალებას გამოავლინო ცოდნა მაქსიმალურად. აბიტურიენტებს ვურჩევდი , რომ აუცილებლად ფოკუსირდნენ ტესტებზე. თუმცა სხვა საქმეებიც არ დაივიწყონ. ძირითადი დრო კი მაინც დაუთმონ ეროვნულებზე მუშაობას. იმიტომ რომ, როდესაც ამ შედეგს მიიღებენ მიხვდებიან, რიმ შრომა ერთიანად დაუფასდათ. ხოლო მათ ვინც, რამდენიმე წელში უნდა გახდეს აბიტურიენტი ვურჩევდი სკოლაში შეიქმნან საფუძველი სწავლის, რომ აღარ დასჭირდეთ რეპეტიტორებთან მომზადება.

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ