„სისტემა მასწავლებელთა კომპეტენციებზე თვალს ხუჭავს“ – ინტერვიუ მანანა რატიანთან

„არაკომპეტენტური ადამიანების სისტემაში დატოვება და მათთვის წლების განმავლობაში ხარკის გადახდა არასწორი გათვლაა“, – ეს სიტყვები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, მანანა რატიანს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული პოზიცია სულ ორიოდე თვის წინ დატოვა.

ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს არაერთ პრობლემაზე, რომელიც განათლების სისტემაში დგას და აცხადებს იმასაც, რომ, ხშირ შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის ნებაც კი არ არსებობს. ამბობს, რომ უწყებებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის ნაკლებობაა და ყველაფერი ცენტრალიზებულად, სხვათა ჩართულობის გარეშე წყდება. დეცენტრალიზაციის პრობლემას იგი სკოლებთან მიმართებაშიც უსვამს ხაზს და დასძენს, რომ საქმე სწრაფად და ეფექტურად სწორედ მოუქნელი და მკაცრად ცენტრალიზებული სისტემის გამო ვერ კეთდება.

მანანა რატიანი აკრიტიკებს განათლების სფეროს 10 წლიან გეგმასაც, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრთან ერთად, ივლისის ბოლოს წარადგინა. ჩვენი რესპონდენტი მას არაამბიციურს უწოდებს და დასძენს, რომ „სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანმა ფეხი ფეხზე რომ გადაიდოს, ეს გეგმა თავისთავად შესრულდება“.

მანანა რატიანი: შეიძლება, უბრალოდ, ცუდი პრეზენტაცია იყო და მნიშვნელოვანი ასპექტები არ წარმოჩინდა. განცდა დამრჩა, რომ არაფერი მნიშვნელოვანი, რაც განათლების სისტემას გააუმჯობესებს, არ ჩანდა. სამწუხაროდ, 10 წლიანი გეგმა საზოგადოებისთვის განხილვის საგანი, სამსჯელო არ ყოფილა. განათლება არ არის ის სფერო, რომელშიც შეიძლება ვიღაცამ მიიღოს გადაწყვეტილება და დაამტკიცოს დოკუმენტი ისე, რომ საზოგადოების ჩართულობა არ იყოს. ასე რომ, ცოტა რბილად რომ ვთქვა, პრეზენტაციიდან მოსმენით ეს ძალიან არაამბიციური გეგმა იყო. არ ჩანდა ხედვა, როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა ათ წელიწადში, როცა მსოფლიოში ყველაფერი ასე სწრაფად იცვლება. ვერ დავინახე გლობალური განათლების საკითხების ასახვა და მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტის გზები. თუმცა, იმისთვის, რომ არსებული პრობლემები გადაჭრა, მათი სწორად იდენტიფიცირებაა საჭირო.

-განათლების მინისტრები საკმაოდ ხშირად იცვლებიან და თითოეული, როგორც წესი, სფეროს განვითარების საკუთარ გრძელვადიან ხედვას წარადგენს ხოლმე. აქვს აზრი დოკუმენტის შემუშავებას როცა მინისტრი, შესაძლოა, მის გამოქვეყნებამდეც კი შეიცვალოს? რა ბედი ეწევათ ხოლმე შემდგომ ამ გეგმებსა და ხედვებს?

-არსებობს ერთიანი სტრატეგია, რომელიც მიხეილ ბატიაშვილის დროს დამტკიცდა და მასზე მუშაობა, თუ არ ვცდები, ალექსანდრე ჯეჯელავას დროს დაიწყო. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, მეტ-ნაკლებად, შუალედური ანგარიშებიც დევს და საბოლოოც. აუცილებელია, რომ განათლების სამინისტროს სტრატეგიული განვითარების გეგმა მისი ვადის გასვლის შემდეგაც ჰქონდეს. რამდენად რეალურია ათ წლიანი გეგმა, როცა მინისტრები ასე ხშირად იცვლებიან, მგონია, რომ დისკუსიის საგანია. სად გვინახავს, საქართველოში ათ წლიანი გეგმები სრულდებოდეს?

-თქვენ გეწერათ, რომ ეს გეგმა სამწლიანი ვადისთვისაც კი არაამბიციურია. ფიქრობთ, რომ მისი შესრულება ასეთ მოკლე დროშიც შეიძლება?

-ნამდვილად ასე მიმაჩნია, რადგან იქ არაფერი ეწერა ისეთი, რაზეც სისტემამ უნდა იმუშავოს, განავითაროს, დაგეგმოს, შეისწავლოს, ადამიანების კომპეტენციები გააძლიეროს და ა.შ. სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანმა ფეხი ფეხზე რომ გადაიდოს, ეს გეგმა თავისთავად შესრულდება. განათლების სისტემისათვის ძალიან დაბალი თამასაა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ჩვენს მოსწავლეებს 2-ზე მეტ წლიანი ჩამორჩენა აქვთ, ამ ყველაფერს კოვიდი კიდევ უფრო დაამძიმებს, რადგან დისტანციური სწავლების შედეგები, სამწუხაროდ, არ შეფასებულა და მასზე რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წელია კოვიდთან თანაცხოვრებაში ვართ, არ ხდება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ძალიან არაამბიციური და არაფრისმთქმელი იყო ის, რაც პრეზენტაციაზე მოვისმინე. შეგვიძლია დიდად თავი არ შევიწუხოთ – ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი, რაც პრეზენტაციაზე ითქვა, თავისთავად მოხდება.

-რატომ დაისახა სამინისტრომ ასეთი მარტივი მიზანი, თქვენი აზრით? კოვიდის გამო სხვა საზრუნავი გაჩნდა და ბევრი აღარ აიღო თავის თავზე?

-იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, არ არის გააზრებული ხედვა სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების გეგმასთან დაკავშირებით – როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, როგორი ეკონომიკა, სისტემები და ამის შესაბამისი განათლება გვინდა რომ გვქონდეს. ანუ, სრული სურათი არ გვაქვს და სამინისტროში რაც იციან, ის ჩაწერეს.

-ასეთი დოკუმენტების შემუშავების პროცესი როგორია? წესით, როდესაც მსგავსი მნიშვნელობის დოკუმენტზე მიდის მუშაობა, მასში ჩართული უნდა იყოს უწყების ყველა რგოლი, ყველა სსიპ-ი, ყველა დეპარტამენტი, მოწვეული სპეციალისტები და ა.შ. როგორი იყო პროცესი? მასწავლებლის სახლი არ იყო თავის ნაწილში ჩართული? სპეციალისტებს საკუთარი აზრის მიწოდების საშუალება არ გქონდათ?

-ჩართულობა, ფორმალურად, ნებისმიერ დოკუმენტთან მიმართებაში, რომელსაც სამინისტრო ამტკიცებს, უზრუნველყოფილია. ითვლება, რომ მიზნობრივი ჯგუფები, დაინტერესებული მხარეები მოწვეულნი არიან. საქმე ისაა რამდენად სიღრმისეულად ხდება ეს – თავიდანვე განსაზღვრულია, როგორც ფორმალური პროცესი, თუ ეს იმისთვის ხდება, რომ ვინმემ ღირებული მოსაზრებები წარმოადგინოს და ეს მოსაზრებები განხილვის საფუძველი აღმოჩნდეს. ვიღაც აუცილებლად გეტყვის, რომ ჩართულობა არის, ამდენი და ამდენი შეხვედრა იყო, მაგრამ როდესაც შეხვედრა შეხვედრისთვის ტარდება და მისი მიზანი პრობლემების წამოღება არ არის, ყველაფერი ფორმალურად რჩება. რაც არ უნდ კარგი ხედვა ჰქონდეს ვინმეს სისტემის, სამინისტრო იძლევა დაკვეთას თუ როგორი უნდა იყოს იგი, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რა უნდა წარმოჩნდეს და როგორი იქნება ამ ყველაფრის ფინანსური უზრუნველყოფა. დამკვეთი კი ჩარჩოშია მოქცეული. ჰყავს განათლებას ისეთი მენეჯმენტი, რომელიც ამ სწორი ხედვისთვის საჭირო თანხებს მოიპოვებს და განათლებაში მოიზიდავს? რამდენად აქვთ იმის უნარი, რომ ამბიციური გეგმის შესრულებისათვის მთავრობის წევრებს ამის მნიშვენლობა დაუმტკიცონ და დაანახონ, თუ რატომ უნდა დახარჯოს თანხა ამაზე და არა სხვაზე? აქ მენეჯმენტის სიძლიერეზეა საუბარი. ამგვარად, ასეთი დოკუმენტის შექმნისას პრობლემა მხოლოდ ერთი არ არის.

-ანუ, უფრო მარტივია წლების შემდეგ შესრულებულად მონიშნო მარტივი მიზნები, ვიდრე შეეჭიდო მართლაც სასარგებლოსა და რთულს და ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო?

-რა თქმა უნდა. სისტემაში მყოფი ადამიანები მუდმივად ანგარიშებს ვწერთ. იქ ყველაფერი კარგად გვაქვს, ყველა სტრატეგიას ვასრულებთ, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ნაკლებ ამბიციური, არაფრისმთქმელი სტრატეგიები გვაქვს. ვწერთ იმას, რასაც ისედაც ვაკეთებთ ხოლმე და არა იმას, რაც სისტემისთვის ღირებულია.

-რამდენად ითვალისწინებდნენ თქვენს, სპეციალისტების აზრს თავად ცენტრის შიგნით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის წინ? თუ გარედან მოსული, ცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მიღება უწევდა და უწევს ცენტრს?

-განათლების სისტემაში კოორდინაციის პრობლემა სერიოზულად დგას, თუმცა თავად ცენტრის ფარგლებში კოორდინირება სათანადო დონეზე იყო. შიდა კომუნიკაცია, სტრუქტურულ ერთეულებს შორის, გართულებული არასოდეს ყოფილა. ყველას შეეძლო იდეა მოეტანა, განგვეხილა და თუკი ღირებული იყო, დაგვენერგა. იქ ბევრი პროფესიონალი ადამიანია, რომელიც განათლების სისტემას სჭირდება. პრობლემა ისაა, რომ სისტემა ამ ადამიანებს სათანადოდ ვერ იყენებს. აქ მთავარი კითხვა ჩნდება – რატომ ვუხდით ხელფასს, თუკი მათი შესაძლებლობების მინიმუმიც არ იქნება გამოყენებული? სამწუხაროდ, ეს ისევ იმას წარმოაჩენს, რომ განათლების სისტემის სტრუქტურულ რგოლების ავტონომიურობა, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, რა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება ადგილზე, რა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა შეთანხმდეს ცენტრთან, გაურკვეველია. როცა ეს მკაფიოდაა განსაზღვრული, ყველაფრის კეთება ბევრად მარტივია. ჩვენ გაცხადებული გვაქვს დეცენტრალიზებული სისტემა, სინამდვილეში კი მკაცრად ცენტრალიზებულია.

-სისტემის დეცენტრალიზაცია ისევ ასეთ მწვავე პრობლემად დგას? არათუ სკოლებს, სსიპ-ებსაც კი უჭირთ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება?

-მიუხედავად იმისა, რომ სკოლების დეცენტრალიზაცია კანონით გაწერილია, ისინი, სამწუხაროდ, ბევრ რამეზე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. 2000 სკოლა გვაქვს და ადგილზე წარმოქმნილი ყველა საკითხი სამინისტროსთან უნდა იყოს შეთანხმებული. წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელიც სამინისტროში ზის, 2 ათასი სკოლიდან სხვადასხვა საკითხზე კითხვები რომ მისდის. მაგალითად, ღობე წაიქცა და შევაკეთო, თუ არა? როცა ამდენი კითხვა იყრის თავს, ადამიანი გადაწყვეტილებას სტანდარტული შეხედულებებით იღებს. ამ დროს, შესაძლოა, იმ სკოლაში ნამყოფიც არაა, ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური, კულტურული კონტექსტი არ იცის, კონკრეტული პრობლემა სიღრმისეულად არ შეუსწავლია და რეაგირება ძალიან გვიან ხდება. სკოლების დეცენტრალიზაცია არის სავალდებულო, რათა თავად სამინისტროს თანამშრომლები არ გადაიტვირთონ და მათ არ უწევდეთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ადგილზე სკოლამ შეიძლება მიიღოს.

კოვიდის პირობებში მიღებულმა რეგულაციებმაც გვაჩვენა ეს – ცენტრალიზებულად გაწერილია გაკვეთილის ხანგრძლივობა, რამდენჯერ უნდა ჩატარდეს ესა თუ ის საგანი კვირაში და ა.შ. საბოლოო ჯამში, სკოლას ამაშიც კი არ დავუტოვეთ თავისუფლება. თუნდაც ის, თუ როდის უნდა დაიწყოს სწავლა და როდის დასრულდეს. ამაზე სკოლამ კლიმატური და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, შეიძლება, გადაწყვეტილება თავად მიიღოს. თბილისში რომ ცხელა, მაღალმთიან რეგიონებშიც ხომ არ ცხელა. ანუ, მთის სკოლამ ზაფხულში მეტ ხანს შეიძლება ისწავლოს, ზამთარში კი მეტ ხანს დაისვენოს, რადგან დიდთოვლობაა. ადგილობრივი კონტექსტი მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, რასაც ჩინოვნიკი ვერ იცნობს ისე კარგად, როგორც სკოლის წარმომადგენელი. მინიმუმ ასეთი პროცედურული გადაწყვეტილებები მაინც უნდა იყოს სკოლის ხელში. პასუხისმგებლობასაც მეტს აიღებს თავის თავზე და სამინისტროს არ დაადანაშაულებს.

-რა უფროა ამის მიზეზი – სამინისტრო არ ენდობა სკოლებს, თუ სკოლის ხელმძღვანელები წლების განმავლობაში მიჩვეულები არიან ყველაფრის სხვებთან შეთანხმებას და აუტკივარ თავს არ იტკივებენ?

-სკოლის ხელმძღვანელობა უფრო დაცულია, როცა ყველაფერს სამინისტროს უთანხმებს. ნამდვილად ასეა. არავინ იცის როდის შეიძლება მოუბრუნდეს ეს ყველაფერი.

-„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა სწორედ სკოლებისა და პედაგოგთა კორპუსის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება იყო. მათთვის მეტი დამოუკიდებლობის, არჩევანის, სიტყვის, პოლიტიკური სიმპათიების თავისუფლების მინიჭება. ეს არ შესრულდა?

-ვწუხვარ, რომ სისტემაში ეს პრობლემები კვლავაც არის…

-მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადავიდეთ, რომელიც უკვე წლებია ფუნქციონირებს. როგორ ფიქრობთ, განიცადა მან სათანადო ტრანსფორმაცია ამ 6 წელიწადში? რა მთავარი ხარვეზები აქვს?

-ცვლილებები, რა თქმა უნდა, განიცადა. სქემაში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. თუმცა, სისტემაში არაკვალიფიციური მასწავლებლები დღესაც რჩებიან, რადგან ეს გადაწვეტილება ბოლომდე ვერ იქნა მიღებული. ამიტომ, ამ დოკუმენტის ერთ-ერთ ხარვეზად ამას დავასახელებდი. მესმის, რომ ადამიანს ვერ იმეტებ უმუშევარი დარჩეს, მაგრამ გვაქვს მეორე მხარე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია – ჩვენი მოსწავლეები და მომავალი. სისტემა კვალიფიციური ადამიანების შენარჩუნებაზე, მათ წინსვლასა და ახალი კადრების დაბრკოლების გარეშე შეყვანაზე უნდა იყოს ორიენტირებული. წელს, ფაქტობრივად, ვაკანსიები არ ყოფილა. იმ ახალგაზრდა კადრებს, რომელთაც აკადემიური განათლებაც აქვთ მიღებული, კომპეტენციაც გააჩნიათ და ენერგიაც იმისთვის, რომ გამოწვევებს უპასუხონ, სისტემამ კარი მიუხურა. კომპეტენციების ზღვარის მოხსნა სერიოზული პრობლემაა, რადგან მოქმედ მასწავლებლებს საშუალება მიეცათ 1-4 კრედიტით თავიანთ კომპეტენცია დაედასტურებინათ და სკოლაში დარჩენილიყვნენ (გულისხმობს ცვლილებას, რომლის თანახმადაც თუკი პედაგოგი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებისას სრულად ვერ დააგროვებს საჭირო რაოდენობის კრედიტქულას, სკოლაში დარჩენის უფლების მოსაპოვებლად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად მას შესაძლებლობა ეძლევა საჭირო კრედიტქულები სხვადასხვა აქტივობებით შეივსოს. მაგალითად, საგნისა და საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგების გავლით, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობით, კონკურსებისა და ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა მომზადებით დ ა.შ. -ავტ). სერიოზული პრობლემაა, როცა სისტემა მასწავლებელთა კომპეტენციებზე თვალს ხუჭავს. ეს მასწავლებელთა კეთილდღეობაზე ზრუნვა არ არის. მათ კეთილდღეობაზე, შეიძლება, სხვაგვარად ვიზრუნოთ, ამისთვის სხვა მექანიზმები არსებობს. ამას დიდი ხანია ვამბობ. ისე არაა, რომ ახლა ავლაპარაკდი.

-ამბობთ, რომ ეს არაა მასწავლებელზე ზრუნვა. მაშ, რაზე ზრუნვაა? რატომ ვერ ბედავს ვერც ერთი მინისტრი სისტემის არაკვალიფიციური კადრებისგან გაწმენდას?

-ეს ყველაფერი შენიღბულია ჰუმანურობით, მასწავლებელთა კეთილდღეობაზე ზრუნვით. თუმცა, მე მგონია ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, რათა თავიანთი მოქმედება გაამართლონ.

-იმიტომ, რომ ყოველ წელს არჩევნებია?

-სავარაუდოდ, კი. ჰგონიათ, რომ ამ ადამიანების ხმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსწავლეების მშობლების, კომპეტენტური პედაგოგებისა და ძლიერი სასკოლო თემის. არადა, ისინი ბევრად მეტნი არიან, ამიტომ არაკომპეტენტური ადამიანების სისტემაში დატოვება და მათთვის წლების განმავლობაში ხარკის გადახდა არასწორი გათვლაა. ბოლო ცვლილებამ ეს მასწავლებლები კიდევ უფრო გაამაგრა.

კიდევ ერთი პრობლემა სქემიდან, რომელიც უნდა ვთქვა: აღვნიშნე, რომ კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მათი წინსვლის მექანიზმების ამოქმედება მნიშვნელოვანია. პრობლემაა, თუკი მათი დროული წინსვლის შესაძლებლობა არ იქნება, რადგან სტატუსის ცვლილებას ბევრი მასწავლებელი ელოდება. ჯერ გამოცდის პროგრამაც არ არის გამოქვეყნებული, რომელზეც დიდი ხანია ნამუშევარია, სტანდარტის მიხედვით ქართულენოვანი სახელმძღვანელოები შერჩეულია, ყველა ახალ საკითხზე ლიტერატურა მოძიებულია და შესაბამისად, პროგრამა უნდა დადებულიყო.

-თქვით, რომ სქემაში შესატან ამ ახალ ცვლილებას, ცენტრში მუშაობის დროს, არ იზიარებდით. რა ფორმით გამოხატავდით? თქვენი მოსაზრებები არ მიიღეს?

-კომისიის ოქმები არსებობს, რომელიც სქემაზე მუშაობდა და იქ ჩემი პოზიცია უნდა ჩანდეს. რადგან გადაწყვეტილება მაინც მიღებულ იქნა, შემდეგ უკვე ფიქრი დავიწყეთ იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რომ ეს დაბალი საგამოცდო ქულა ისეთი აქტივობებით დაგვებალანსებინა, რაც მასწავლებლის კომპეტენციაზე მიუთითებს. მასწავლებლის კრედიტების დაგროვების შესაძლებლობა ოთხი მიმართულებით გავაკეთეთ – მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, არაფორმალური კლასგარეშე აქტივობების კეთება და მისი პროფესიული განვითარება. მივიჩნიეთ, რომ მასწავლებელი ამ ოთხი მიმართულებით ნამდვილად უნდა საქმიანობდეს, რათა დაადასტუროს, რომ ის სკოლაში დარჩენის ღირსია.

-დაბალანსდა, რეალურად? არის ეს ღონისძიებები გამოცდის საპირწონე?

-სკოლებში საკმაოდ ბევრი აქტივობა განხორციელდა, მუდმივად ფუსფუსი ისმოდა, უამრავი საინტერესო რამ ხდებოდა და მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო – სკოლა გამოცოცხლდა. მასწავლებლები მიხვდნენ, რომ მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი კი არა, ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა კეთდება მოსწავლეებთან ერთად არა საგაკვეთილო დროს. პედაგოგებმა ერთმანეთთან საგანმანათლებლო თემებზე განხილვები დაიწყეს. სამასწავლებლოში მხოლოდ მოსწავლეების მშობლების ჩაცმულობაზე კი არ ჭორაობდნენ, პროფესიული დიალოგები შედგა და ეს ამ დოკუმენტის ერთ-ერთი დამსახურებაა.

-კარგია, რომ სკოლა გამოცოცხლდა, რომ პროექტები ხორციელდებოდა და ეს, წესით, ისედაც ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა, თუ პედაგოგმა არ იცის ქიმია, არც ამ კლასგარეშე პროექტების განხორციელების შემდეგ ეცოდინება. მის პროფესიულ კვალიფიკაციას ხომ ბევრი არაფერი შეემატება?

-ამიტომაც გავუჩინეთ ვალდებულება, რომ პროფესიული განვითარება აუცილებელი ყოფილიყო. ადამიანი, რომელსაც რაღაცაში კომპეტენცია არ აქვს, ამას იმით დააბალანსებს, რომ ისწავლის და თავის პრაქტიკაში რაღაც სიახლეს შემოიტანს.

-გარე დაკვირვების მექანიზმზეც უნდა გკითხოთ, რომელიც ასევე გახდა კრიტიკის მიზეზი. მითუფრო ონლაინ დაკვირვება. რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ პედაგოგის შეფასება იმ გაკვეთილით, რომლისთვისაც კვირების განმავლობაში ემზადება?

-რას აკეთებს მასწავლებელი ყველაზე კარგად გაკვეთილზე ჩანს. რაც შეეხება იმას, რომ ის გაკვეთილი არ არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორია მასწავლებელი, ამაში ნაწილობრივ დაგეთანხმებით, რადგან შესაძლებელია ერთ გაკვეთილზე მასწავლებელმა მოინდომოს და ძალიან კარგი გაკვეთილი გამოუვიდეს, თუმცა ყოველდღიურად ასე არ იხარჯებოდეს. რეალურად, ჩვენ არ გვითქვამს, რომ ერთი გაკვეთილის შეფასებით უზრუნველვყოფთ იმას, რომ მასწავლებელმა ყოველდღიურად კარგი გაკვეთილები ატაროს. ამ დროს უბრალოდ იმას ვნახულობდით, თუ რამდენად კომპეტენტურია და რამდენად შეუძლია სათანადო გაკვეთილის ჩატარება. ის ერთი გაკვეთილი ამაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევდა. რა თქმა უნდა, ჯობია მეტ გაკვეთილს დავაკვირდეთ, მაგრამ ეს ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გაკვეთილი დადგმული რომ არ ყოფილიყო, ამის დაბალანსება ვცადეთ – მასწავლებელი ხუთი თანმიმდევრული გაკვეთილის გეგმას გვიგზავნიდა და იმ ხუთი გაკვეთილიდან ერთ-ერთზე შევდიოდით. გარდა ამისა, მასწავლებლებმა კარგად იცოდნენ რომ დადგმა კარგ შედეგს არ მოუტანდათ. რამდენიმეს სწორედ ამის გამო არ დაეწერა ქულა.

-ბევრჯერ შესვლა გასაგებია, რომ მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული, მაგრამ დაუგეგმავად შესვლა ხომ შეიძლება?

-როცა ამაზეა დამოკიდებული შეიცვლის თუ არა მასწავლებელი სტატუსს და გაეზრდება თუ არა ანაზღაურება, მგონია რომ ეს სტრესის ფაქტორს გაზრდიდა. ეს მოულოდნელობა მასწავლებელზე კარგად არ იმოქმედებდა. არ გვინდოდა დამატებითი სტრესი შეგვეტანა.

-რეალურად, განსაზღვრავს სტატუსი მასწავლებლის კვალიფიციურობას? როგორ აისახება მერე ეს ყველაფერი მოსწავლეებზე? ანუ მაღალ საფეხურზე მყოფი მასწავლებლების მოსწავლეები უკეთეს შედეგებზე გადიან?

-მგონია, რომ კვლევაა გასაკეთებელი რამდენად პირდაპირპროპორციულია მასწავლებლის სტატუსის ცვლილება მოსწავლის შედეგთან. თუმცა, მოსწავლის შედეგს მხოლოდ ჩატარებული გაკვეთილი არ განაპირობებს, ამაზე უამრავ რამ მოქმედებს. ზაფხულში იყო საერთაშორისო კვლევის პრეზენტაცია, რომელმაც აჩვენა, რომ 2015-2019 წლებში, როცა სქემა უკვე „ამოქოქილი“ იყო და სრულყოფილად ფუნქციონირებდა, სოფლის სკოლებმა, რომლებიც ქალაქის სკოლებს ჩამორჩებოდნენ, 40 ქულიანი ცვლილება აჩვენეს. ანუ, როცა მასწავლებელი ანგარიშვალდებული იყო, როცა მის საქმიანობაზე მონიტორინგი ხორციელდებოდა, ასე თუ ისე, კარგი შედეგი მოიტანა. უბრალოდ, ამას უფრო სიღრმისეული კვლევა სჭირდება, რადგან ამ წინსვლას პირდაპირ სქემას ვერ მივაწერთ. ფაქტია, იმის ნიშნები, რომ სტატუსი მოსწავლის შედეგზე მოქმედებს, ნამდვილად არის.

-ბოლოს მინდა გკითხოთ – ისევ დათანხმდებოდით შემოთავაზებას სახელმწიფო სამსახურში მუშაობის თაობაზე?

-მგონია, რომ ახლა ამისთვის პაუზა მჭირდება. ზოგადად, ნამდვილად მიმაჩნია, რომ სახელმწიფო სამსახურში კომპეტენტური ადამიანები უნდა იყვნენ. თავს არ ვიქებ, მაგრამ გარკვეული კომპეტენციები ნამდვილად გამაჩნია. მგონია, რომ ქვეყნის სასიკეთოდ ჯობს ყველა იქ იყოს, სადაც თავისი მაქსიმუმი შეუძლია გააკეთოს და არა ისე, როგორც მე ვიყავი ბოლოს, როცა მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულთან ახლოს იყო. როცა კომუნიკაცია ცალმხრივი იყო და სახელმწიფო მანქანები მხოლოდ სამინისტროს გადაწყვეტილებების გალამაზებასა და დანერგვაზე მუშაობდნენ. როცა რაღაცებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციები გვქონდა და ამის მოსმენა არ ხდებოდა.

წყარო: edu.aris.ge