IT აკადემია STEP-ის წლის მთავარი ღონისძიება – გრაფიკული დიზაინის სტუდენტების საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა by Tako

16 ივლისს, IT აკადემია STEP-ის ღია ეზოში გრაფიკული დიზაინის სტუდენტების წლის შემაჯამებელი გამოფენა და დაჯილდოება მოეწყო. ღონისძიებაზე, აკადემიის 37 სტუდენტის, მთელი წლის განმავლობაში შექმნილი 87 ნამუშევარი გამოიფინა. საუკეთესოების გამოვლენის საშუალება ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებსაც შეეძლოთ, ნამუშევრებზე მითითებული QR კოდების მეშვეობით.

სტეპის ეზოში, შიდა კონკურსში გამარჯვებული სამი საპრიზო ადგილის მფლობელიც გამოვლინდა, რომლის გამარჯვებულები გახდნენ გრაფიკა-დიზაინის მიმართულების სტუდენტები: მეგი კიტია, ჯაბა ახმეტელი და ბაია გურაბანიძე.

სოციალური მედიის რჩეული კი, რომელიც გამოავლინეს #სტეპის ფოლოვერებმა, გახდა თამუნა მაცაბერიძე.

მთავრი ჯილდო და სტატუსი „ხალხის რჩეული“ მიიღო ქეთი კიწმარიშვილმა, რომელიც 10 თვეა რაც გრაფიკა და დიზაინის მიმართულებაზე სწავლობს IT აკადემია „სტეპში“. ეს ნამუშევარი ქეთიმ  3 დღეში შექმნა.

მაკა მახათაძე, IT აკადემია „სტეპის“ დამფუძნებელი: „დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც აკადემიის დამფუძნებლისთვის.  რადგან დღეს ჩვენ იმ სტუდენტების საკურსო ნამუშევრები წარვუდგინეთ სტეპში მოსულ სტუმრებს, რომლებიც  მთელი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ონლაინ რეჟიმში და მხოლოდ ვირტუალურად იცნობდნენ ერთმანეთს . დღეს აკადემიის ეზოში სტუდენტებმა ერთმანეთი პირისპირ პირველად ნახეს და ერთმანეთს გაუზიარეს მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ემოციები.

წლევანდელი გამოფენა და ნამუშევრები მკვეთრად ასახავს ჩვენი ახალგაზრდების, ახალი თაობის განცდებს და სურვილებს იყვნენ ლაღები, ფერადები და ბედნიერები.

2020 წლის 4 მარტიდან მოყოლებული ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით სირთულეებს და ვფიქრობ ღირსეულად გადავლახეთ ყველა გამოწვევა.

დღეს, „სტეპის“ ფერად ეზოში ჩვენ გრაფიკული დიზაინის მიმართულების 5 უნიჭიერესი „სტეპერი“ დავაჯილდოვეთ, გადავეცით მათ ფულადი და სამახსოვრო საჩუქრები, რომლებიც მისცემენ მათ და დანარჩენ სტუდენტებს მეტ მოტივაციას და სტიმულს შექმნან და აკეთონ საქმე, რომელიც ჩვენს კედლებში შეისწავლეს და შეიყვარეს. პროფესიონალურად შესრულებულმა ნამუშევრებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა რომ პანდემიის დროს დისტანციურად მიღებული ცოდნა არის საფუძვლიანი და სრულყოფილი.“

IT აკადემია STEP – მსოფლიო ბრენდია, რომლის პირველი ფილიალი საქართველოში 2015 წელს თბილისში გაიხსნა. სტეპის მისიაა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში, დაეხმაროს ადამიანებს ციფრული და თანამედროვე უნარ-ჩვევების განვითარებაში და ახალი ტექნოლოგიური პროფესიების დაუფლებაში, რომელიც მათ ხელს შეუწყობთ თავი დაიმკვიდრონ კონკრეტულ შრომით ბაზარზე.

IT აკადემია STEP-მა, წელს, ორი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო: გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოთი „IT ჩემპიონი“ დაჯილდოვდა STEP-ის დირექტორი მაკა მახათაძე, IT აკადემია STEP გახდა ჯილდოს „#1 IT აკადემია ოქროს ბრენდი“ მფლობელი.